Thumbnail

საფეხბურთო ევროპა ჩემპიონთა ლიგის მეორე ნახევარფინალურ მატჩში უფრო სანახაობრივ თამაშს ელის - დღეს, პარი სენ-ჟერმენი მანჩესტერ სიტის მასპინძლობს და ხოსეპ გვარდიოლას გუნდის სასურველი ანგარიშით დამარცხებას ეცდება.

სეზონი გადამწყვეტ ფაზაშია შესული - საფრანგეთისა და ინგლისის ჩემპიონატებში ორივე გუნდს ცოტა მატჩი დარჩა ჩასატარებელი. სიტის პრემიერლიგაში ყველაფერი თითქმის გადაწყვეტილი აქვს - გვარდიოლას გუნდი მეორე ადგილზე მყოფ თანაქალაქელ მანჩესტერ იუნაიტედს ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე 10 ქულით უსწრებს და შეუძლია, პარიზულ გუნდთან დიდი ძალები დახარჯოს.

საპირისპირო სიტუაციაა ლიგა 1-ში, სადაც პსჟ-ს, მოულოდნელად, ჩემპიონობისთვის ბრძოლა ბოლო ტურებამდე უწევს. მაურისიო პოჩეტინოს გუნდი მე-2 ადგილზეა და ლიდერ ლილს 1 ქულით ჩამორჩება. მიუხედავად ამისა, პარიზელებისთვის პრიორიტეტული ჩემპიონთა ლიგაა და პსჟ-ს გულშემატკივრებიც სავარაუდოდ დიდად არ გაბრაზდებიან, თუ მათი გუნდი ბოლო 10 წელიწადში საფრანგეთის ჩემპიონი მერვედ არ გახდება.

ზოგადად, პსჟ-ც და სიტიც დიდ ასპარეზზე შეიხების ინვესტიციების შედეგად გამოჩნდნენ და დიდი მიზნებიც მას შემდეგ დაისახეს. შიდა ასპარეზზე სიტიმაც და პარიზულმა გუნდმაც წარმატებას მიაღწიეს და ბოლო რამდენიმე სეზონია, მათი მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა.

ყველაზე ახლოს ამასთან პარიზული გუნდი შარშან იყო, როდესაც ფინალში გავიდა, თუმცა მიუნხენის ბაიერნთან დამარცხდა (0:1). ინგლისურ კლუბს ფინალში არასდროს უთამაშია. მეტიც: "ქალაქელები" ნახევარფინალში სულ მეორედ იასპარეზებენ. გვარდიოლას მისვლის შემდეგ გუნდი ნახევარფინალში პირველად გავიდა. სიტი ამ ეტაპზე ბოლოს 2015/16 წლების სეზონში იყო, სადაც მადრიდის რეალთან დამარცხდა.

რაც შეეხება გუნდების სათამაშო მზადყოფნას: მეტ-ნაკლებად ორივე გუნდი სტაბილურად გამოიყურება. ფრანგულმა გუნდმა ბოლო 5 მატჩიდან მხოლოდ ერთხელ წააგო და მხოლოდ ერთხელ ვერ შეძლო გოლის გატანა (მიუნხენის ბაიერნთან). დანარჩენ ოთხ შემთხვევაში პოჩეტინოს გუნდმა 2.5-ზე მეტი გოლი გაიტანა. მანჩესტერ სიტიმ ბოლო 10 მატჩიდან 2 წააგო. პეპის გუნდმა ამ 10 შეხვედრიდან 9-ში მეტოქის კარის აღება მოახერხა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე სიტიმ ბოლო 10 მატჩიდან 9 მოიგო.

პოჩეტინომ გვარდიოლა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფიდან ერთხელ უკვე გააგდო

ამ ორი გუნდის ურთიერთშეხვედრები არცთუ ისე ბევრია. სიტი პარი სენ-ჟერმენს ისტორიაში სულ 3-ჯერ დაუპირისპირდა. პირველად 2008 წელს, უეფას თასის (დღევანდელი ევროპალიგა) ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ, სადაც იმდროინდელი ფორმატით ერთმანეთში ერთხელ ითამაშეს და ისიც ფრედ 0:0. მეორედ ეს გუნდები ზემოთ ნახსენები ჩემპიონთა ლიგის 2015/16 წლების სეზონის მეოთხედფინალში შეხვდნენ. სადაც პირველი შეხვედრა ასევე ფრედ 2:2 დასრულდა, ხოლო საპასუხო მატჩი ინგლისურმა გუნდმა დე ბრუინის გოლით 1:0 მოიგო და ისტორიაში პირველად ტურნირის ნახევარფინალში გასვლა შეძლო. სხვათა შორის, კევინმა მაშინ პსჟ-ს პირველ შეხვედრაშიც გაუტანა.

ამ დაპირისპირებას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მწვრთნელთა ფაქტორი - მაურისიო პოჩეტინო პეპ გვარდიოლას წინააღმდეგ. არგენტინელმა სპეციალიტმა პეპი ჩემპიონთა ლიგაზე ერთხელ უკვე დაამარცხა. 2018/19 წლების სეზონში პოჩეტინოს ტოტენჰემმა მეოთხედფინალურ ეტაპზე გვარდიოლას მანჩესტერ სიტი დაძაბულ და სანახაობრივ 2-მატჩიან დუელში გააგდო. განსაკუთრებით კარგი საყურებელი იყო მეორე შეხვედრა, რომელშიც 7 გოლი გავიდა (სიტიმ 4:3 მოიგო), სტერლინგს ბოლო წუთზე შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გოლი გაუუქმეს, ხოლო ტოტენჰემი მომდევნო ეტაპზე სტუმრად გატანილი გოლის წყალობით გავიდა. ამრიგად, ესპანელ სპეციალისტს პოჩეტინოზე შური აქვს საძიებელი.

"ეს არ არის პირადი ბრძოლა ან პირადი თამაში. ეს იქნება დაპირისპირება ორ ძალიან კარგ გუნდს შორის. როდესაც გვარდიოლაზე საუბრობთ, საუბრობთ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელზე, თუ არა საუკეთესოზე. აღფრთოვანებული ვარ მისი კარიერით და მარტო ტიტულების გამო არა, არამედ მემკვიდრეობით, რომელსაც ის აშენებს. მე ვარ მწვრთნელი, ვისაც უყვარს ფეხბურთი. ვცდილობ, ვისწავლო, ვიყო კონკურენციაში და გავიმარჯვო. ეს არის ყველა კლუბის მიზანი", - განაცხადა პოჩეტინომ.

"ვიცი, რომ მათი მთავარი იარაღი წინა ხაზია. ყველას, ვისაც ფეხბურთი უყვარს, იცის, რას ნიშნავს ხარისხი, მაგრამ ჩვენ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ვართ და რას ელით? 90 წუთი არ ვითამაშებთ იმაზე ფიქრით, თუ რამდენად კარგი მოთამაშეა ის და თუ როგორ უნდა დავამარცხოთ ისინი. იოჰან კრუიფისგან ვისწავლე, რომ თამაშით და პასუხისმგებლობით უნდა ისიამოვნო. ჩემპიონთა ლიგა ყველაზე კარგია, მაგრამ პრემიერლიგა მნიშვნელოვანია. ამიტომ, კრისტალ პალასთან გამარჯვებაზეც ვფიქრობთ", - განაცხადა გვარდიოლამ. 

პეპ გვარდიოლას გუნდი პარიზში დანაკლისის გარეშე ჩავიდა, თავად პარიზულ გუნდს კი რაფინია და ბერნატი დააკლდებიან. მეცთან გამართულ ბოლო შეხვედრაში ტრავმა მიიღო კილიან მბაპემაც, თუმცა გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაზიანება მძიმე არ არის და ახალგაზრდა ფრანგი თამაშს შეძლებს.

საინტერესო ფაქტები

⚽ პარი სენ-ჟერმენი და მანჩესტერ სიტი ერთმანეთს ისტორიაში მე-4 დაუპირისპირდებიან. აქამდე 2 მატჩი ფრედ, ხოლო ერთი ინგლისელების გამარჯვებით დასრულდა.

⚽ "ქალაქელებმა" ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 10 მატჩიდან 9 მოიგეს.

⚽ გვარდიოლას გუნდმა ყველა ტურნირზე ერთად ბოლო 10 მატჩიდან, მხოლოდ 2 წააგო.

⚽ პარი სენ-ჟერმენმა ყველა ტურნირზე ერთად ბოლო 5 მატჩიდან, მხოლოდ 1 წააგო.

⚽ პოჩეტინოს გუნდმა ბოლო 5 შეხვედრიდან 4-ში 2.5 მეტი გოლი გაიტანა.

⚽ გვარდიოლას გუნდმა ბოლო 10 მატჩიდან (ჩემპიონთა ლიგაზე) 8-ში მინიმუმ 2 გოლი გაიტანა.

⚽ ფრანგულ გუნდს ზედიზედ 3-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს.

⚽ პეპის გაწვრთნილი სიტი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პირველად იასპარეზებს.

⚽ ამ გუნდებს შორის გამართული ბოლო 2 მატჩიდან კევინ დე ბრუინმა ორივეში გოლის გატანა შეძლო.

სავარაუდო შემადგენლობები

პსჟ (4-3-3): ნავასი - ფლორენცი, მარკინიოსი, კიმპემპე, დიალო - გეიე, პარედესი, ვერატი - დი მარია, მბაპე, ნეიმარი.
ტრავმა: რაფინია, ბერნატი.

სიტი (4-3-3): ედერსონი - უოკერი, სტოუნსი, დიაში, კანსელო - როდრი, გიუნდოგანი, დე ბრუინი, მაჰრეზი, სილვა, ფოდენი.

კომენტარები

ბოლო ამბები