Thumbnail

'პსჟ-ს უკვე ყველა პატივს სცემს' - ნეიმარმა სიტისთან მატჩზე და კონტრაქტზე ისაუბრა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ნეიმარმა მანჩესტერ სიტისთან მატჩზე ისაუბრა
  • ბრაზილიელმა ახალ კონტრაქტზეც ილაპარაკა

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პარი სენ-ჟერმენი მანჩესტერ სიტის დაუპირისპირდება და ფინალში გასვლას ზედიზედ მეორედ ეცდება. ორმატჩიანი დუელის პირველი რაუნდი ოთხშაბათს, პარიზში გაიმართება. თამაშამდე ნეიმარმა პრესკონფერენცია გამართა.

პსჟ-ს ლიდერი დარწმუნებულია, რომ მის გუნდს რთული თამაში ელოდება. ამბობს ფინალში გასასვლელად ყველაფერს გააკეთებენ და თვითონაც თავს კარგად გრძნობს.

"ნამდვილად რთული თამაში იქნება, ამ დონეზე იოლი მეტოქე არ არსებობს. მანჩესტერ სიტი უმაღლესი დონის გუნდია, ეს ნახევარფინალია. ისეთი მძიმე თამაში იქნება, როგორც ბაიერნის წინააღმდეგ, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ გამარჯვებისთვის. თავს კარგად ვგრძნობ, ფიზიკურადაც კარგად ვარ და მატჩისთვის მზად ვარ. პსჟ ფინალში უნდა გავიდეს. ოქროს ბურთი? ამაზე არ ვფიქრობ, ყურადღებას ჩემპიონთა ლიგაზე ვამახვილებ. მინდა, ეს მატჩი მოვიგოთ. მბაპე? ის დიდებული ფეხბურთელია! ვიმედოვნებ, გააგრძელებს გოლების გატანას და რეკორდების დამყარებას. კილიანი ფანტასტიკური ადამიანია", - თქვა ნეიმარმა.

ბრაზილიელ ფეხბურთელს კონტრაქტის განახლებაზეც ჰკითხეს. უპასუხა, რომ პარიზში ბედნიერია და კლუბთან მოლაპარაკებები დაწყებული აქვს: "ამ საკითხზე ბოლო თამაშის შემდეგაც ვისაუბრეთ. მიმდინარეობს მოლაპარაკება, რათა ყველასთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაზე შევჯერდეთ. ახლა მეტის თქმა საჭირო არ არის, კონტრაქტი კიდევ ერთი წელი მაქვს დარჩენილი, აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და ბედნიერი ვარ. პსჟ ძალიან გაიზარდა, პატივსაც უფრო მეტად სცემენ. როდესაც ხალხი პსჟ-ზე საუბრობს, იციან, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველ, ოთხ, ხუთ ან ექვს გუნდში შევდივართ. წლიდან წლამდე ვუმატებთ."

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი პარი სენ-ჟერმენში 2017 წლის ზაფხულში ბარსელონადან გადავიდა და მას კლუბთან კონტრაქტი მომავალი წლის 30 ივნისს ეწურება. პსჟ-სა და მანჩესტერ სიტის მატჩი კი 28 აპრილს, 22:55 საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები