Thumbnail

კიდევ 3 თამაში და მიუნხენის ბაიერნში ჰანსი ფლიკის ეპოქა დასრულდება. მან რეკორდმაისტერი 2019 წლის შემოდგომაზე ჩაიბარა და რთულია, ასეთ მოკლე პერიოდს ეპოქა უწოდო, მაგრამ ამ ხნის მანძილზე ჰანსიმ ბაიერნს იმდენი ტიტული მოაგებინა, რომ მისი გვარი კლუბის ისტორიაში ოქროს ასოებით შევა.

ფლიკს რეკორდმაისტერთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე ჰქონდა გაფორმებული, მაგრამ ხელშეკრულებას ნაადრევად, თავისი სურვილით წყვეტს და, დიდი ალბათობით, გერმანიის ნაკრებში ინიშნება, სადაც ევროპის ჩემპიონატის შემდეგ იოახიმ ლიოვს შეცვლის.

2020 წელს ბაიერნმა ფლიკის ხელმძღვანელობით ჰეთთრიკი შეასრულა - მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ბუნდესლიგა და გერმანიის თასი. რეკორდმაისტერის ხელმძღვანელები და გულშემატკივრები ერთი წლის წინ ფიქრობდნენ, რომ ფლიკი მიუნხენურ გრანდში დიდხანს დარჩებოდა. თითქმის ერთი წლის წინ გაფორმდა მასთან ახალი კონტრაქტიც - 2023 წლამდე.

თუმცა ერთი წლის შემდეგ გერმანიის ნაკრების დამრიგებლის თანამდებობა ხდება ვაკანტური და რაკი იურგენ კლოპი მიუწვდომელია, გერმანიის საფეხბურთო კავშირის ნომერ პირველი არჩევანი ფლიკი გახდა. ბუნდესმწვრთნელის პოსტი ნებისმიერი გერმანელი სპეციალისტისთვის საოცნებოა - შესაბამისად, ფლიკმა ბაიერნის ხელმძღვანელებს გაშვება და კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტა სთხოვა. სამშაბათს, ბაიერნმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ფლიკს გაუშვებს და მომავალი სეზონიდან იულიან ნაგელსმანს დანიშნავს, რომელიც რეკორდმაისტერში ლაიპციგიდან მიდის.

ჩემპიონთა ლიგა, გერმანიის ჩემპიონობა, გერმანიის თასი, ორი სუპერთასი, ტრიუმფი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე - ფლიკმა ბაიერნთან ერთად მოკლე დროში ბევრი ტიტულის მოგება მოასწრო.

ჰანსი ფლიკი ბაიერნის ისტორიაში შევიდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელი

“ეს ორი წელიწადი ჩემთვის დაუვიწყარი იქნება. ემოციებით, გამარჯვებებით, ტიტულებით და ბაიერნში ყოველდღიური მუშაობით დიდი სიამოვნება მივიღე. ეს ჩემი ცხოვრების ძალიან შთამბეჭდავი პერიოდი იყო. წარმატებებს მხოლოდ ერთად მივაღწიეთ, - ვკითხულობთ ფლიკის ოფიციალურ, გამოსამშვიდობებელ განცხადებაში.

'ბაიერნის ოჯახს სამომავლოდ მხოლოდ ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ. აქ მუშაობა ჩემთვის დიდი პატივი იყო!'

56 წლის სპეციალისტი მადლობას უხდის გუნდს, მის მენეჯერ კათლინ კრიუგერს, პრეზიდენტ ჰერბერტ ჰაინერს და კლუბის შეფებს - კარლ-ჰაინც რუმენიგეს, ოლივერ კანს და ჰასან სალიჰამიჯიჩსაც, რომელთანაც ბოლო დროს კონფლიქტი ჰქონდა. “მადლობა მათ იმისათვის, რომ შანსი მომცეს, დიდებული გუნდი გამეწვრთნა. ბაიერნის გულშემატკივრები ძალიან დამაკლდებიან. მას შემდეგ, რაც პანდემია დაიწყო, ისინი ყველა თამაშში ძალიან მაკლდნენ. ბაიერნის ოჯახს სამომავლოდ მხოლოდ ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ. აქ მუშაობა ჩემთვის დიდი პატივი იყო!” - ამბობს ფლიკი.

ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ჰანსი ფლიკი გერმანიის საფეხბურთო კავშირში დაბრუნდება და ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს ჩაიბარებს. ბუნდესგუნდის მენეჯერმა ოლივერ ბირჰოფმა არაერთხელ თქვა, რომ ლიოვის შემცვლელად ყველაზე სასურველი კანდიდატი სწორედ ფლიკი იყო. როგორც იცით, იოგი გერმანიის ნაკრებს ზაფხულში, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დატოვებს.

კომენტარები

ბოლო ამბები