Thumbnail

უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 2002-2003 წელს დაბადებული 49 მორაგბე “შევარდენზე“ერთკვირიან სასელექციო შეკრებაზე შეიყვანა, მიზანი კი 2022 წლის მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის მზადებაა, რომელიც კოვიდ-პანდემიის გამო, ბოლო ორი წელია არ გამართულა.

პანდემიის გამო, ამ მოთამაშეების უმეტესობას 18-წლამდელთა ნაკრებშიც არ მოუწია თამაში და საერთაშორისო მატჩების გამოცდილება არ აქვთ. უმცროსი ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ილია მაისურაძე იმედოვნებს, რომ 2022 წლამდე გუნდს 15-16 მაღალი დონის თამაში ექნება და ამ დანაკლისის აღმოფხვრა მოხდება. ის ასევე ფიქრობს, კოვიდ-პანდემიის გამო ჩაშლილი 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის, ასევე 20-წლამდელთა ექვსი ერის და სხვა გაუქმებული ტურნირების გამო, გამოცდილების ნაკლებობა ყველა გუნდს ექნება, რაც შანსებს ათანაბრებს:

“სამწუხაროდ, პანდემიის გამო 20-წლამდელთა ჩემპიონატი ორი წელია ვერ ტარდება და ამ თაობის მორაგბეებს ასე საჭირო გამოცდილება დააკლდათ, რაც განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. ამ ეტაპზე შეკრებაზე უმეტესად აღმოსავლეთ საქართველოს კლუბების მოთამაშეები გვყავს. ძალიან კარგი თაობაა, თუმცა 2022 წლის ჩემპიონატამდე, მინიმუმ 15-16 მაღალი დონის მატჩი გვჭირდება და ტურნირს კარგად მომზადებული შევხვდებით. რადგან პანდემიის გამო პრაქტიკულად არცერთი ახალგაზრდული ტურნირი არ ჩატარებულა, ვფიქრობთ, რომ გაისად გუნდების დონე გათანაბრებული იქნება და გვაქვს პრეტენზია, რომ ჯგუფიდან გასვლისთვის ვიბრძოლოთ“, - განუცხადა მან საქართველოს რაგბის კავშირის ვებ-გვერდს.

U20 | უმცროსი ბორჯღალოსნები 2022 წლის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას შეუდგნენ. გაიგე მეტი აქ ➡️ https://bit.ly/3nydlQJ 🏉

Posted by Georgian Rugby on Monday, April 26, 2021


დღეს დაწყებული შეკრება 1 მაისს დასრულდება, ხოლო რომელ მოსამზადებელ ტურნირებსა და მატჩებში მიიღებენ მონაწილეობას უმცროსი ბორჯღალოსნები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ წლეულს შეჯიბრისთვის იტალიას უნდა ემასპინძლა, მაგრამ აღნიშნული მიზეზის გამო, ტურნირი 2022 წლისთვის გადაიდო. ამგვარად, მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატში უპრეცედენტო 3-წლიანი წყვეტა გვაქვს, რადგანაც ბოლოს შეჯიბრი 2019 წელს ჩატარდა.

უმცროს ბორჯღალოსნებს ზედიზედ მეხუთე 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე B ჯგუფში, ავსტრალიის, უელსისა და ახალი ზელანდიის ნაკრებების წინააღმდეგ უნდა ეთამაშათ. 12-გუნდა ტურნირის მონაწილეთა შორის არიან: A ჯგუფში – საფრანგეთი, არგენტინა, ირლანდია და იაპონია; C ჯგუფში – სამხრეთ აფრიკა, ინგლისი, იტალია და ფიჯი.

უმცროსი ბორჯღალოსნების სასელექციო შეკრება

დავით გველესიანი, თამაზ ჯიმშელეიშვილი, გიორგი მაისურაძე, ნიკოლოზ ბაბუნაშვილი, სანდრო ქუნთელია, ირაკლი აფციაური, ბადრი ციხისთავი, გუგა ღაინაშვილი, ნიკოლოზ კინწურაშვილი, ალექსანდრე ბურდული, ბექა გელხვიძე, ლაშა ციხისთავი, ნიკა სუთიძე, ოთარ ჯალაღონია, გიორგი ქობალია, გიორგი კურტანიძე, ლუკა არჩვაძე, დავით ხუროშვილი, პეტრე ხუციშვილი, საბა ლიპარტელიანი, თორნიკე კახოიძე, დიტო ბერაია, რატი ბერაია, საბა არჩვაძე, შალვა აფციაური, გაგა ქევხიშვილი, ლუკა კვენეტაძე, არჩილ იაშაღაშვილი  (ყველა - ლელო), სერგი აბრამიშვილი, დავით არველაძე, ემზარ ხუჭუა, ირაკლი სულეიმანაშვილი, გიორგი პიტიურაშვილი, ბაჩანა მონიავა, საბა არაგველი, დავით ნინიაშვილი (ყველა - ხვამლი), გიორგი გოგუაძე, ლაშა ცხოვრებაძე (ორივე - ხარები), ბასა ხონელიძე, ლაშა ფხაკაძე, პაატა გალდავა (ყველა - აია), რატი ზაზაძე, თაზო კევლიშვილი, ზურაბ ონიანი, გიორგი ნავროზაშვილი (ყველა - არმაზი), კოტე იაშვილი, საბა დათიაშვილი (ორივე - აკადემია), დავით იმნაძე (იუნკერები), თენგიზ სკამკოჩაშვილი (იუნკერები).

კომენტარები

ბოლო ამბები