Thumbnail

კვიპროსის ჩემპიონატის ბოლოსწინა მატჩში თემურ ქეცბაიას ანორთოსისი შინ ოლიმპიაკოსთან დამარცხდა - 0:2. კარში გიორგი ლორია იდგა, შეტევაში კი გიორგი ქვილითაია (გააფრთხილეს) თამაშობდა, ბუბა დაუშვილსა და თორნიკე ოქრიაშვილს არ უთამაშიათ. ლორიას პირველი გოლი 39-ე წუთზე საკუთარმა მცველმა გაუტანა. ანორთოსისს 54 ქულა აქვს და ჩემპიონატს მე-4 პოზიციაზე ასრულებს. როგორც ამ შეხვედრას, ისე ბოლო ტურის დაპირისპირებას აელ-თან (5 მაისს) არანაირი სატურნირო მნიშვნელობა არ აქვს. სხვათა შორის, ქეცბაიას ზედა ექვსეულის არც ერთი მატჩი არ მოუგია. 

ლორია და ქვილითაია - ანორთოსისს საჩემპიონო ექვსეულში მატჩი არ მოუგია

ქეცბაიას გუნდისთვის მთავარი მატჩი 15 მაისსა, როცა კვიპროსის თასის ფინალში, სწორედ ოლიმპიაკოსს ეთამაშება. მხოლოდ გამარჯვებული გუნდი გადის ევროთასზე. 

მატჩის ხასიათიდან გამომდინარე, კვიპროსული მედიის მტკიცებით, ქეცბაია მატჩისას უჩვეულოდ მშვიდი იყო, ის სკამიდან თითქმის არ დგებოდა, თუმცა ყველაფერი შეიცვალა მე-60 წუთისთვის, როცა მსაჯის რეაქციით უკმაყოფილო ქართველმა მწვრთნელმა მას ხმამაღლა მიაძახა, "უცხოელი მსაჯებისგან მაინც ისწავლე რამეო".

თემურ ქეცბაია (ანორთოსისის მწვრთნელი): "იმედგაცრუებული ვარ, რომ საკუთარ თავს არ ვგავდით. მრცხვენია ჩემი გუნდის და პირველი პასუხისმგებელი მე ვარ. თასის ფინალში გასულები რომ არ ვიყოთ, ახლავე წავიდოდი სახლში. რადგან წინ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს, ვრჩები გუნდში. დღეს 15 ფეხბურთელი ვათამაშე და ერთზეც კი არ შემიძლია თქვა, რომ ნორმალურად ითამაშა. როგორც ჩანს, ისინი მხოლოდ ფინალზე ფიქრობენ და ეს მათი მხრიდან დიდი შეცდომაა". 

პაფოსმა ქეცბაია უარყო

ამასობაში პაფოსის ახალმა მეპატრონე რომან დუბოვმა უარყო მედიაში გავრცელებული ხმები, თითქოს, ახალი სეზონიდან მის კლუბს თემურ ქეცბაია გაწვრთნის: "ჩვენ ძალიან ვაფასებთ ქეცბაიას და მის წვლილს კვიპროსულ ფეხბურთში, მაგრამ ჩვენ არ გამოგვითქვამს ინტერესი მის მიმართ. პაფოსს განსხვავებული ხედვა აქვს, როგორც მოკლე ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. იმედია, მედია ამ საკითხს აღარ შეეხება".

კომენტარები

ბოლო ამბები