Thumbnail
  • ბაიერნის მომავალი მწვრთნელის ვინაობა ამ დღეებში გაირკვევა
  • ფავორიტი იულიან ნაგელსმანია, ლაიპციგი ბევრ ფულს ითხოვს

იულიან ნაგელსმანი ჯერ მხოლოდ 33 წლისაა, მაგრამ უკვე მიუნხენის ბაიერნის მთავარ მწვრთნელად განიხილება და, დიდი ალბათობით, დაინიშნება კიდეც!

‘კიკერის’ ინფორმაციით, ახალგაზრდა სპეციალისტმა დღეს ლაიპციგის ხელმძღვანელებს შეატყობინა, რომ 2023 წლამდე გაფორმებული კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტა სურს. მარტივად რომ ვთქვათ: ნაგელსმანს ბაიერნის ბოსები ეპატიჟებიან და ისიც, რა თქმა უნდა, თანახმაა.

როგორც იცით, მიუნხენური გრანდის მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმაც ითხოვა გაშვება - მას გერმანიის ნაკრებში ეპატიჟებიან, სადაც ევროპის ჩემპიონატის შემდეგ იოახიმ ლიოვი უნდა შეცვალოს.

33 წლის იულიან ნაგელსმანი დიდი ალბათობით ბაიერნის მწვრთნელად დაინიშნება

‘ბილდის’ ინფორმაციით, ლაიპციგი ბაიერნს ნაგელსმანის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს მოსთხოვს, ‘კიკერი’ კი წერს, რომ საუბარია 25 მილიონ ევროზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს მწვრთნელში გადახდილი სარეკორდი თანხა იქნებოდა.

ზოგადად, ლაიპციგი დიდი ცვლილებების წინაშე დგას. კლუბში კონტრაქტს უწყვეტენ სპორტულ დირექტორ მარკუს კრიოშესაც, რომლის დანიშვნა ფრანკფურტის აინტრახტში სურთ.

კომენტარები

ბოლო ამბები