Thumbnail

სიმეონე მენტალიტეტზე ალაპარაკდა - გადამწყვეტი ბრძოლა ჩემპიონობისთვის

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • ატლეტიკომ მნიშვნელოვანი მატჩი დათმო 
  • სიმეონეს აზრით, ჩემპიონობისთვის გადამწყვეტი ფსიქოლოგია იქნება
  • ლა ლიგის კულმინაცია შესაძლოა 8 მაისს, ბარსელონა-ატლეტიკო აღმოჩნდეს

მადრიდის ატლეტიკომ გუშინ საღამოს ატლეტიკ ბილბაოსთან დრამატული მატჩი დათმო და რეალს და ბარსელონას ახლა მხოლოდ 2 ქულით უსწრებს, თანაც, ბარსას ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული. 

ატლეტიკო მთელი თამაში აგებდა, როცა სავიჩმა მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე ანგარიში გაათანაბრა. მადრიდელები მოსაგებად წავიდნენ, თუმცა მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე მეორე გოლი გაუშვეს. ატლეტიკომ ბოლო ტურებში ბევრი ქულა გაფლანგა და სიმეონეც შეხვედრის შემდეგ მენტალიტეტზე ალაპარაკდა. მისი თქმით, ჩემპიონობისთვის ბრძოლაში გადამწყვეტი სწორედ ფსიქოლოგიური ფაქტორი იქნება.

"ჩემთვის ნათელია - მენტალიტეტი იქნება გადამწყვეტი. ემოციური ბალანსი მოიგებს ტიტულს. ლა ლიგას ჩვეულებრივ ბარსელონა და რეალი იგებენ. გამონაკლისი 2014 წელია და სხვა წლები, როცა ჩვენ ჩემპიონობასთან ახლოს ვიყავით. თითქმის მთელი სეზონი წინ ვიყავით, თუმცა ყოველთვის ვიცოდით, რომ რეალი და ბარსელონა დანებებას არ აპირებდნენ. სიტუაციას თამაშიდან თამაშამზე შევაფასებთ. ახლა ელჩესთან თამაშზე ვფიქრობთ." - განაცხადა არგენტინელმა.

ატლეტიკო ისევ ცხრილის სათავეშია და 2 ქულით ასწრებს რეალს და ბარსას, თუმცა კატალონელებს ერთი თამაშით ნაკლები აქვთ და მისი მოგების შემთხვევაში ლიდერები გახდებიან. ლა ლიგის კულმინაცია შესაძლოა 8 მაისს, კამპ ნოუზე გასამართი ბარსელონა-ატლეტიკო აღმოჩნდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები