Thumbnail

ოქროს მედალი ვარშავიდან - შმაგი ბოლქვაძე ევროპის ჩემპიონია!

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში შმაგი ბოლქვაძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა!

72 კგ წონითი კატეგორიის ფინალში ქართველი ფალავანი სომეხ მალხას ამოიანს დაუპირისპირდა და 4:1 მოუგო, რის შედეგადაც ოქროს მედალს დაეუფლა, რაც მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებისთვის მე-3 მედალია.

ფინალი ბოლქვაძემ საკმაოდ დამაჯერებლად მოიგო. მან პირველი ქულა მიიღო, შემდეგ კი შეხვედრას სრულად აკონტროლებდა, ზედიზედ 4 ქულა დაიმსახურა და ევროპის ჩემპიონის ტიტული სრულიად დამსახურებულად მოიპოვა.


ფინალამდე, შმაგიმ შვედი დანიელ მატიას სოინი (4:0), რუსი ჩინგიზ ლაბაზანოვი (2:0) და ნახევარფინალში უნგრელი რობერტ ფრიტში (3:1) დაამარცხა. ამგვარად, ბოლქვაძემ ევროპის ჩემპიონატზე კარიერაში მე-3 მედალი მოიპოვა და ახლა მას სამივე სინჯის მედალი აქვს ევროპირველობიდან - 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების აქტივში ევროპის ჩემპიონატზე ამ დროისთვის 3 მედალია. გუშინ ვერცხლის მედალს იაკობ ქაჯაია (130 კგ), ხოლო ბრინჯაოს ლერი აბულაძე (63 კგ) დაეუფლა. დღესვე, ხალიჩაზე აივენგო რიკაძე გავა, რომელიც 82 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის სომეხ კარაპეტ ჩალიანს შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები