Thumbnail

'დასანანიც იქნება და საამაყოც' - სლუცკიმ ისევ კვარაცხელიაზე ილაპარაკა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ყაზანის რუბინის მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ tatarstan24.tv-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. რუსი სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ 20 წლის ქართველი ფეხბურთელი ტოპლიგების დონეს თავისი მახასიათებლებით უკვე შეესაბამება.

როგორც სლუცკიმ აღნიშნა, ხვიჩას დაკარგვა მასში სინანულის გრძნობას გამოიწვევს, მაგრამ ამასთან ძალიან დიდ სიამაყესაც, რადგან გამოვა, რომ ფეხბურთელი დიდი გუნდებისთვის სათანადოდ მოამზადა.

ლეონიდ სლუცკი: "არ ვიცი, მიიღო თუ არა რუბინმა მის შესახებ რაიმე წინადადება, როგორ მიმდინარეობს ფინანსური მოლაპარაკებები. მე უბრალოდ მწვრთნელი ვარ. ვფიქრობ, რომ ხვიჩა ყველა ძირითადი საფეხბურთო მახასიათებლების მიხედვით ტოპლიგების დონეს შეესაბამება. იტალიას, ესპანეთს, გერმანიას, საფრანგეთს და გერმანიას გვერდზე თუ გადავდებთ, ყველა იმ კრიტერიუმში ჯდება, რომელსაც ყველა მწვრთნელი, სკაუტი თუ ანალიტიკური განყოფილება უყურებს. ამიტომ, მაინტერესებს, თუ კვარაცხელიას არ შეიძენენ, მაშინ ვის იყიდიან ამ ქვეყნის გუნდები?

თითოეულ ბოსტნეულს ან ხილს აქვს თავისი ბაღი და დამწიფების დრო. არწივსაც კოლიბრის გალიაში ვერ ჩასვამ. თუ ის გადაიზარდა, შეუძლია ფუნდამენტურად განსხვავებულ ლიგაში და საფეხბურთო დონეზე კონკურენტუნარიანი გახდეს, ეს ერთი მხრივ ჩვენთვის დასანანი იქნება, მეორეს მხრივ გიჟურ სიამაყეს გამოიწვევს."

სლუცკის დამსახურება კვარაცხელიას განვითარებაში ძალიან დიდია

შეგახსენებთ, რომ 20 წლის ქართველმა შემტევმა ამ სეზონში რუბინის მაისურით რუსეთის პრემიერლიგის 23 შეხვედრაში ითამაშა, გაიტანა 4 გოლი და მიითვალა 8 საგოლე პასი (მოპოვებული პენალტების ჩათვლით). 20 წლის ნახევარმცველის ანგარიშზე საქართველოს ნაკრებში 8 მატჩში 3 გოლი და 2 საგოლე პასია. ხვიჩა ამჟამად ტრავმირებულია და ჯერჯერობით უცნობია, მოასწრებს თუ არა მიმდინარე სეზონის დასრულებამდე გამოჯანმრთელებას.

კომენტარები

ბოლო ამბები