Thumbnail

გიორგი პაპუნაშვილი: ლა ლიგაზე გული კარგს მიგრძნობს, საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • გიორგი პაპუნაშვილი ესპანურ მედიას შეხვდა
  • ქართველის მიზანი ლა ლიგაში გადასვლაა

გიორგი პაპუნაშვილის სარაგოსა ესპანეთი ლა ლიგა 2-ში ბოლო დროს კარგად ასპარეზობს. არაგონული კლუბი 38 თამაშიდან 62 ქულით მე-4 ადგილზეა. 

ლა ლიგა 2-დან პრიმერაში პირდაპირ ორი კლუბი გადადის, ოთხეული კი პლეი ოფში თამაშობს დარჩენილი ერთი საგზურისთვის. 

კარგად თამაშობს, თავად 22 წლის ფეხბურთელი, რომელიც პირველ სეზონს ატარებს ესპანეთში. მას 24 თამაშში 4 გოლი აქვს გატანილი, აქედან 3 ბოლო ორ თვეში.

9 მაისს პაპუნაშვილი ესპანელ ჟურნალისტებს შეხვდა.

ბოლო დროს თქვენ სარაგოსაში მნიშვნელოვანი როლი გაკისრიათ...

გიორგი პაპუნაშვილი: სარაგოსაში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, მიხარია, რომ გუნდს ვეხმარები ბოლოდროინდელ წარმატებებში, მაგრამ, ამასთან ერთად, ვფიქრობ, ფეხბურთელი ყოველთვის მზად უნდა იყოს და ნესიმიერ შემთხვევაში დაეხმაროს გუნდს.

ალმერიასთან თამაშის შემდეგ გულშემატკივრებმა ოვაციები მოგიწყეს. 

გიორგი პაპუნაშვილი: ეს ჩემთვის ძალიან ამაღელვებელია. ფანებს მადლობა მინდა გადავუხადო ამ სიყვარულისთვის და გვერდში დგომისთვის - აღფრთოვანებული ვარ. 

რას გრძნობს ფეხბურთელი, როცა ასეთ სიყვარულს გრძნობს ფანების მხრიდან?

მარტსა და აპრილში პაპუნაშვილმა ლა ლიგა 2-ში სამი გოლი გაიტანა

გიორგი პაპუნაშვილი: პირველ რიგში, ჩემთვის სარაგოსას მაისურა ბევრს ნიშნავს. პირადად ჩემთვის ძალიან ამაღელვებელია სტადიონზე გასვლა ამხელა პუბლიკის წინაშე და სარაგოსასთვის თამაში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ფანებს.

თითქმის დასრულდა სეზონი, თუ ხართ კმაყოფილი თქვენთვის პირველი სეზონით სარაგოსაში?

გიორგი პაპუნაშვილი: დიახ, ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩემი თანაგუნდელების გვერდში დგომას ყოველ წუთას ვგრძნობ. ახლა, როცა ჩემი ადაპტაცია სარაგოსაში დასრულებულია, ისინი მაინც ხელს მიწყობენ, რომ უფრო კარგად წარმოვაჩინო თავი. 

გერმანიაშიც გითამაშიათ, რა განსხვავებაა ამ ორ ქვეყანას შორის და რატომ მოხდა, რომ ესპანეთს უკეთ შეეგუეთ?

გიორგი პაპუნაშვილი: ვფიქრობ, იქ ძალიან ახალგაზრდა წავედი. ამასთან ერთად, იქ ძალიან დიდ ფეხბურთელებთან და პროფესიონალებთან მომიწია თამაში. გერმანია ჩემთვის იყო გამოწვევა და ის გამოცდილება დამეხმარა ჩემს ნამდვილ პროფესიონალ ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში.

რას გიგრძნობთ გული, ამ ტემპით შეძლებს სარაგოსა ლა ლიგაში გადასვლას?

გიორგი პაპუნაშვილი: გული, რა თქმა უნდა, კარგს მიგრძნობს, მაგრამ რეალობის შეგრძნება არ უნდა დავკარგოთ, მშვიდად უნდა მივყვეთ და ბოლომდე მივიყვანოთ საქმე და ავიხდინოთ ოცნება.

სარაგოსას მომდევნო მეტოქე კადისია, რას იტყვით მასზე?

გიორგი პაპუნაშვილი: ვფიქრობ, რომ ჩვენ ჩემპიონატში ადვილი თამაშები არ არსებობს. ყველაფერი უნდა გავიღოთ, რომ ეს თამაში მოვიგოთ და სამი ქულა ჩავიწეროთ.

მწვრთნელი ამბობს, რომ პაპუნაშვილმა უკვე გაიაზრა, როგორია სარაგოსას თამაშის სტილი.

გიორგი პაპუნაშვილი: გეთანხმებით, ახლა თავს მართლაც კომფორტულად ვგრძნობ და თუ რამეს ვერ ვიგებ მწვრთნელიც და გუნდელებიც მზად არიან, დასახმარებლად. 

სარაგოსაში ორ პოზიციაზე გათამაშენ, შეტევაში და თავდამსხმელების უკან, რომელ პოზიციაზე გირჩევნიათ თამაში?

გიორგი პაპუნაშვილი: შეტევაში თავს ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ, მაგრამ გუნდს სადაც დავჭირდები, მზად ვარ, იმ პოზიციაზე ვითამაშო. 

ყველაზე ახლოს რომელ სარაგოსელთან ხართ?

გიორგი პაპუნაშვილი: ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ. ვინმეს გამოყოფა ძალიან გამიჭირდება, ყველასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. 

ახლა უკვე დიდი ხანია აქ ხართ, რას იტყვით სარაგოსაზე და ზოგადად ესპანეთზე?

გიორგი პაპუნაშვილი: ქუჩაში ხალხის სიყვარულსა და სითბოს ვგრძნობ, ეს ძალიან მეხმარება. ძალიან მომწონს აქაურობა და იმედი მაქვს, რომ შემდეგ შეხვედრაზე უკვე ესპანურად გიპასუხებთ.  

კომენტარები

ბოლო ამბები