Thumbnail

გიგზს ქალებზე თავდასხმაში ბრალი წაუყენეს - ის უელსის ნაკრებსაც ჩამოაშორეს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • რაიან გიგზი სასამართლოში 28 აპრილს უნდა გამოცხადდეს
  • ის ევროპის ჩემპიონატზე უელსის მწვრთნელი აღარ იქნება

უელსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი და ინგლისური მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი ვარსკვლავი რაიან გიგზი ორ ქალზე თავდასხმაშია ბრალდებული. მას სამეფო საპროკურორო სამსახური ედავება, პირველად სასჯელად კი ის იქცა, რომ უელსის თავკაცის პოსტს ჩამოაშორეს.

გიგზს 2020 წლის ნოემბერში, საკუთარ სახლში, ყოფილ მეგობარ გოგონა კეიტ გრევილზე ძალადობას ედავებიან. ამავე ეპიზოდში მან დაზიანებები 20 წლის გოგონას მიაყენა, რომლის ვინაობა არ ხმაურდება. ირკვევა ისიც, რომ 2017-დან 2020 წლამდე პერიოდში რაიანს მსგავსი სახის სხვა ინციდენტებიც უფიქსირდება.

გიგზი უკვე გაანთავისუფლეს გირაოთი, თუმცა, ეს არაფერს ნიშნავს, რადგანაც 28 აპრილს მანჩესტერისა და სოლფორდის სასამართლოში უნდა გამოცხადდეს. მანამდე კი, მას ძალიან მძიმე ვერდიქტი გამოუტანა უელსის საფეხბურთო ასოციაციამ. როგორც ირკვევა, რაიანი ზაფხულში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების თავკაცი აღარ იქნება, მას რობერტ პეიჯი შეცვლის, ასისტენტი მწვრთნელი კი ალბერტ სტეივენბერგი იქნება.

აღსანიშნავია, რომ თავად გიგზი წაყენებულ ბრალდებას კატეგორიულად არ ეთანხმება და მცირე კომენტარიც გააკეთა: “პატივს ვცემ მიმდინარე სამართლებრივ პროცედურებს და სიტუაციის სერიოზულობაც სრულად მაქვს გათავისებული. მოუთმენლად ველი იმ დროს, როდესაც ამ ლაქის ჩამორეცხვის საშუალება მომეცემა. რობერტ პეიჯს, სრულიად სამწვრთნელო შტაბს, ფეხბურთელებსა და ქომაგებს ევროპირველობაზე წარმატებას ვუსურვებ”.

შეგახსენებთ, რომ 47 წლის გიგზი მანჩესტერ იუნაიტედის ღირსებას 1990-2014 წლებში იცავდა და ინგლისის პრემიერლიგაში 672 მატჩში 114 გოლი აქვს გატანილი. რაიანს უელსის ნაკრებში, 1991-2007 წლებში, 64 თამაში და 12 გოლი უგროვდება, ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელად კი 2018 წლის იანვრიდან მუშაობდა.

კომენტარები

ბოლო ამბები