Thumbnail

'ეს არის მიზეზი' - იურგენ კლოპი სუპერლიგასა და ჩემპიონთა ლიგის ახალ ფორმატზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ევროპის სუპერლიგის პროექტსა და ჩემპიონთა ლიგის ახალ ფორმატზე თავისი მოსაზრება საჯაროდ გამოთქვა. გერმანელი სპეციალისტი მატჩების რაოდენობის ზრდას აპროტესტებს.

შეგახსენებთ, რომ იმ 12 კლუბს შორის, რომლებსაც ევროპის სუპერლიგაში გამოსვლა სურდათ, ლივერპულიც იყო. ნეგატიური აჟიოტაჟის შემდეგ, სხვა ინგლისურ კლუბებთან ერთად, პროექტში მონაწილეობა მერსისაიდელებმაც გადაიფიქრეს. პარალელურად, უეფამ ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი წარმოადგინა, რომელშიც 32-ის ნაცვლად 36 გუნდი ითამაშებს და 2024 წლიდან უნდა ამოქმედდეს.

სუპერლიგის პროექტი უეფას გვერდის ავლით უნდა განხორციელებულიყო

"სუპერლიგაზე კარგი ვთქვა? კარგია, რომ ის არ შეიქმნა. მოთამაშეების, მწვრთნელებისა და გულშემატკივრების აზრს ანგარიშს არასდროს უწევენ. ჩვენთვის არ უკითხავს უეფას, ჩვენთან არ უსაუბრია სუპერლიგის ხელმძღვანელობას. ყველა მათგანის სურვილი ისაა, რომ ჩვენ მეტ თამაშს ვატარებდეთ, ეს კი შეუძლებელია.

არ შეიძლება, უბრალოდ ადგე და ახალი ტურნირი დაამატო. მიხარია, რომ სუპერლიგა არ მოხვდა ჩამონათვალში, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატიც არცთუ კარგია. უეფამ წარმომიდგინა იდეა და ჩემი პასუხია, რომ ის არ მომწონს - ექვსის ნაცვლად ათ თამაშს ჩავატარებთ. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ ჩაჯდება ისინი კალენდარში. 

რა არის ჩემპიონთა ლიგის ფორმატის ცვლილების მიზეზი? ფული", - ამბობს იურგენ კლოპი. 

53 წლის გერმანელი სპეციალისტი ლივერპულს 2015 წლიდან წვრთნის და გუნდს ინგლისის პრემიერლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა. კლოპს ასევე გაუწვრთნია მაინცი და დორტმუნდის ბორუსია.

კომენტარები

ბოლო ამბები