Thumbnail

'ევროპა, მოვდივარ' - მამარდაშვილი იტალიელების ყურადღების ცენტრში

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • 'იტალიაში გადასვლა? ვნახოთ, მთავარია კონცენტრაცია არასდროს დავკარგო'
  • ლოკომოტივის მეკარე გიორგი მამარდაშვილი ტალანტების რუბრიკაში მოხვდა

თბილისის ლოკომოტივის მეკარე გიორგი მამარადაშვილი იტალიური მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა, კერძოდ ცნობილი ინსაიდერის ჯანლუკა დი მარციოს ახალგაზრდა ტალანტების რუბრიკაში - Grand Hotel Calciomercatoთუმცა, სტატია, არა - დი მარციოს, არამედ ვალენტინო დელა კაზას მიერ არის მომზადებული.

სტატიის შესავალში ავტორი ხაზს უსვამს, რომ მამარდაშვილი ძალიან ნიჭიერია და საქართველოში უკვე ერთ-ერთი საუკეთესო. ის არ ივიწყებს, რომ გიორგის მამაც (დავით მამარდაშვილი) თავის დროზე მეკარე იყო და შვილს ბევრ რამეს ასწავლის. წერილს საინტერესო სათაურიც აქვს: "ევროპა, მოვდივარ! მამარდაშვილი საქართველოდან დიდ კარიერაზე ოცნებობს".

გიორგის ესპანურ გრანადასთან მაგარი თამაში ჰქონდა

"ყოველთვის სასიამოვნოა მამიდან შვილამდე ღირებულებების, მისწრაფებისა და გატაცების გადაცემა. ზოგჯერ ეს მხოლოდ გულშემატკივრობაა, ზოგჯერაც სათამაშო გამოცდილება. მამარდაშვილი სამშობლოში ცნობილია და ჩვენ ახლა სწორედ საქართველოში ვართ. მამა, დავითი ასწავლის გიორგის თუ რა არის გასაკეთებელი, რომ ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გახდეს. 43 წლის დავითი ქუთაისის ტორპედოს მეკარეების მწვრთნელია, მისი შვილი, 20 წლის გიორგი კი, დინამო თბილისიდან იჯარის წესით ლოკომოტივში თამაშობს და საქართველოს ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესოა", - წერს ავტორი.

მერე კი უკვე თავად გიორგი საუბრობს, რომლის განცხადებითაც, მეკარისთვის ყველა სათამაშო კომპონენტი მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით, კონცენტრაციის მუდმივი შენარჩუნება გამოყო.

"ჯერ კიდევ ბევრი მაქვს გასაუმჯობესებელი. მაგალითად, ფეხით თამაში. კონცენტრაციით დაწყებული, მეკარისთვის თითოეული კომპონენტი აუცილებელია. მამაჩემს უნდა ჰკითხოთ, ამ თემაზე ყოველთვის მელაპარაკებოდა, სულ მეუბნებოდა, რომ ყურადღება მეფანტებოდა. რამდენიმე წლის წინ არ მოსწონდა ჩემი თამაში, ახლა კი მხოლოდ მაქებს. ჩემი ოცნებაა ევროპაში ვითამაშო, ეს არ არის მხოლოდ ცნობადობის ან პრესტიჟის საკითხი, რაც უფრო მაღალ დონეზე თამაშობ, მით უფრო დიდი შანსია, რომ მოუმატო".

მამარდაშვილი საქართველოს ნაკრებშიც იყო გამოძახებული

20 წლის მეკარის თქმით, განსაკუთრებით მანჩესტერ იუნაიტედი და რომა მოსწონს და იტალიაში წასვლაზე უარს ნამდვილად არ იტყოდა. ის ფიქრობს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მასზეა დამოკიდებული, რამდენად მოახერხებს განვითარებას:

"მომწონს ინგლისის, ესპანეთის და იტალიის ჩემპიონატები. მეკარეებიდან ნოიერს, კურტუას, ალისონს და ბუფონს გამოვარჩევ. რაც შეეხება გუნდებს, ორს დავასახელებ: მანჩესტერ იუნაიტედი და რომა. იტალიაში გადასვლა? ვნახოთ, მთავარია კონცენტრაცია არასდროს დავკარგო და ყველაფერი ჩემზე იქნება დამოკიდებული".

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი დინამო თბილისის საკუთრებაა, მაგრამ უკვე მეორე სეზონია იჯარით თბილისის ლოკომოტივში თამაშობს. გასული წლის შემოდგომაზე მან ევროპალიგაზე შეძლო თავის გამოჩენა და ფართო ყურადღების ცენტრშიც მაშინ მოექცა. გიორგი ცოტა ხნის წინ ვილი სანიოლს საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც ჰყავდა გამოძახებული. მიმდინარე სეზონში მან ლოკომოტივის მაისურით 9 თამაში ჩაატარა.

📺 ვიდეო: გიორგი მამარდაშვილის სეივები გრანადასთან

კომენტარები

ბოლო ამბები