Thumbnail

'მის საკითხს მივხედავთ' - თემურ ქეცბაიას ახალი ვარიანტი გამოუჩნდა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ფამაგუსტას ანორთოსისის მთავარი მწვრთნელის თემურ ქეცბაიას მომავალი გაურკვეველია. ქართველ სპეციალისტს კლუბთან კონტრაქტი ეწურება და ბოლო პერიოდში წასვლის შესახებ რამდენჯერმე მინიშნებაც გააკეთა. მეორეს მხრივ, ანორთოსისის პრეზიდენტმა ევგენიოს ამბულასმა კვიპროსულ პრესას განუცხადა, რომ თემურთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და გუნდში ყველას სურვილია, რომ ის მომდევნო სეზონშიც ანორთოსისის თავკაცი იყოს.

ამასთან, ქეცბაიას აქტიურად უკავშირებენ კვიპროსულ პაფოსს. კლუბის პრესსამსახურის უფროსმა პოლივიოს პალიურასმა ეს ცნობა არ დაადასტურა, მაგრამ არც უარყო. მისი განცხადებით, როდესაც დრო მოვა, მწვრთნელის საკითხზე იმუშავებენ.

"ამ მომენტში ჩვენ გვყავს მწვრთნელი და სეზონის დასრულებამდე თამაშები გველის. როდესაც დრო მოვა, მწვრთნელის საკითხს მივხედავთ, მაგრამ ახლა სიმართლე ისაა, რომ ამ დროისთვის კონკრეტული არაფერია", - თქვა პალიურასმა.

შეგახსენებთ, რომ თემურ ქეცბაია ანორთოსისში 2019 წლიდან მუშაობს. მიმდინარე სეზონში ფამაგუსტელებს ჩემპიონობის შანსი დაკარგული აქვთ, მაგრამ თასის ფინალში მოახერხეს გასვლა და ტიტულისთვის ნიქოზიის ოლიმპიაკოსს  დაუპირისპირდებიან. აღსანიშნავია, რომ ანორთოსისი კვიპროსის თასის ფინალში 13 წლის შემდეგ გავიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები