Thumbnail

ბასილაშვილს მიუნხენის ტურნირზე ვიხილავთ - იქ ჩიხლაძესაც უთამაშია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი BMW Open-ზე განთესილთა შორის იქნება
  • 29 წლის ქართველ ჩოგბურთელს ბოლო 3 მატჩი წაგებული აქვს

29 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანიის ქალაქ მიუნხენში იმყოფება და მონაწილეობას მიიღებს BMW Open-ში, რომელიც 26 აპრილიდან 2 მაისამდე პერიოდში ჩატარდება. ცხადია, რომ ბასილაშვილი, რომელიც პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) მიმდინარე რეიტინგში 36-ე ადგილზე იმყოფება, თამაშს ძირითადი ბადიდად დაიწყებს.

ამჟამინდელი ინფორმაციით, ნიკოლოზს მე-7 განთესვა ექნება, სხვა განთესილები კი, კლასიფიკაციის შესაბამისად, ალექსანდერ ზვერევი (გერმანია), იანიკ სინერი (იტალია), კასპერ რუუდი (ნორვეგია), ასლან კარაცევი (რუსეთი), ლორენცო სონეგო (იტალია), ფილიპ კრაინოვიჩი (სერბეთი) და იან-ლენარდ შტრუფი (გერმანია) არიან.

საინტერესოა, რომ მიუნხენის ტურნირზე 2012 წელს ჯერ კიდევ ლადო ჩიხლაძეს უთამაშია (გერმანელ პეტერ გოიოვჩიკთან 4:6, 1:6 წააგო), ბასილაშვილმა კი ძალები 2014 წელს ასევე საკვალიფიკაციო ბადეში სცადა და ბოსნიელ ალდინ სეტკიჩთან 6:3, 3:6, 4:6 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ნიკას წლეულს დოჰას ტურნირი აქვს მოგებული, თუმცა, მას შემდეგ 7 მატჩში 5 წაგება აქვს, მათ შორის კი, უკანასკნელ სამ შეხვედრაშიც კორტი დამარცხებულმა დატოვა. ქართველმა ჩოგბურთელმა ბოლოს 19 აპრილს ბარსელონაში ფრანგ ჟერემი შარდისთან ითამაშა და 4:6, 6:3, 3:6 წააგო.

კომენტარები

ბოლო ამბები