Thumbnail
  • ახალი სისტემით ტურნირზე 18 გუნდი ითამაშებს
  • ჩემპიონატს რეინჯერსი და სელტიკი დაემატებიან

რამდენიმე დღის წინ დაანონსებულმა ევროპის სუპერლიგამ გულშემატკივრებში დიდი პროტესტი გამოიწვია. ახალი ლიგის შექმნა განსაკუთრებით არ მოეწონათ ინგლისელ ფანებს, რომლებმაც საპროტეტსო აქციებიც გამართეს.

ახალი ტურნირის მიმართ უარყოფითმა დამოკიდებულებამ და საპროტესტო განწყობამ შედეგი მალევე გამოიღო და სუპერლიგა პირველად ინგლისურმა კლუბებმა დატოვეს, რაც ამ შეჯიბრებისთვის კრახის ტოლფასი აღმოჩნდა.

მიუხედავად იმისა, რომ სუპერლიგა ვერ შედგა, ინგლისში ფიქრობენ, რომ დროა ფეხბურთში გარკვეული სახის რეკონსტრუქცია და ცვლილებები მოხდეს. ამჯერად საუბარი ბრიტანეთის სუპერლიგაზეა.

The Sun-ის ინფორმაციით, ბრიტანეთში უკვე დაიწყეს პრემიერლიგის მოდერნიზაციის საკითხზე საუბარი და ბრიტანეთის სუპერლიგის შექმნის იდეაზე მსჯელობა. ახალ ტურინრზე გუნდების რაოდენობა თვრამეტამდე შემცირდება და რაც ყველაზე მთავარია, მათ შოტლანდიური გუნდები, სელტიკი და რეინჯერსი დაემატებიან.

ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალი ლიგის შექმნის რამდენიმე გამოკვეთილი მიზეზია. პირველი "ძველი ფირმის დერბის" - სელტიკის და რეინჯერის დაპირისპირების პოპულარიზაციაა. მათი პრემიერლიგაში თამაში (ერთმანეთთან დაპირისპირებები და დიდი ექვსეულის გუნდებთან მატჩები) კიდევ უფრო მეტ მაყურებელს მოიზიდავს.

ახალ ტურნირზე სელტიკის და რეინჯერსის დამატება იგეგმება

დასახელებული მეორე მიზეზი პოლიტიკურია. ბორის ჯონსონს (დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი) იმედი აქვს, რომ ამით შოტლანდიელების დამოუკიდებლობის სურვილს გარკვეულწილად გაანელებს.

ტურნირის ფორმატის შესახებ ბევრი ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა გარკვეული საკითხები უკვე ცნობილია.

✅ ჩემპიონატში მონაწილეობას 18 გუნდი მიიღებს.
✅ ტურნირს რეინჯერსი და სელტიკი დაემატება.
✅ 4 საუკეთესო გუნდი პლეი ოფში იასპარეზებს.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ახალ სისტემას, განსხვავებით ევროპის სუპერლიგისგან, მხარს უეფა, ფიფა და ბრიტანეთის მთავრობაც დაუჭერს. ახალ ტურნირზე თამაში თავად რეინჯერსსა და სელტიკსაც სურთ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, პრემიერლიგის გარდაქმნის საკითხზე მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

კომენტარები

ბოლო ამბები