Thumbnail
  • მანჩესტერ იუნაიტედის ფანებბა კლუბის ბაზაზე საპროტესტო აქცია გამართეს
  • გულშემატკივრებმა კლუბიდან გლეიზერების ოჯახის ჩამოცილება მოითხოვეს
  • ფანებთან მოსალაპარაკებლად ოლე გუნარ სულშერი გავიდა

მანჩესტერ იუნაიტედის ფანები კლუბის ხელმძღვანელობით უკმაყოფილებას კვლავ გამოხატავენ, მიუხედავად ევროპის სუპერლიგის პროექტიდან გასვლის გადაწყვეტილებისა.

გულშემატკივართა ჯგუფმა გუნდის ბაზასთან საპროტესტო აქცია გამართა და ორივე შესასვლელი დაბლოკა. ფანებმა გაშალეს ბანერები, რომლებზეც კლუბის მფლობელების, გლეზერების ოჯახის წასვლის მოწოდებები იკითხებოდა. 

გარკვეული ხნის შემდეგ ფანებმა საწვრთნელ მოედანზე შეაღწიეს, სადაც პლაკატები ისევ გამოფინეს და გუნდის მთავარ მწვრთნელთან, ოლე გუნარ სულშერთან შეხვედრა მოითხოვეს, რაზეც ბაზის თანამშრომლებისგან პასუხად უარი მიიღეს. 

საბოლოოდ ნორვეგიელი სპეციალისტი ფანებთან მაინც მივიდა. როგორც ირკვევა, გულშემატკივრებმა სულშერს 2005 წელი შეახსენეს, როდესაც ჯერ კიდევ ფეხბურთელი, გლეიზერების ოჯახის წინააღმდეგ კამპანიაში მონაწილეობდა. შეკითხვაზე, თუ რა უშლის დღეს მას ხელს, ანალოგიურად მოიქცეს, სულშერმა უპასუხა, რომ ჯოელ გლეიზერს უყვარს კლუბი. ფანატები მწვრთნელის სიტყვებით უკმაყოფილო დარჩნენ და მწვრთნელს უთხრეს, რომ მფლობელს არა მანჩესტერ იუნაიტედი, არამედ ის ფული უყვარს, რომელსაც კლუბიდან იღებს.

მოგვიანებით გულშემატკივრებმა კლუბის ბაზა დატოვეს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გლეიზერების ოჯახი მანჩესტერ იუნაიტედის აქციათა საკონტროლო პაკეტის გაყიდვას მას შემდეგ აპირებს, რაც სუპერლიგის პროექტი ჩავარდა.

შეგახსენებთ, რომ ახალ ტურნირში მონაწილეობა, მანჩესტერ იუნაიტედთან ერთად, მანჩესტერ სიტის, ლივერპულს, ჩელსის, არსენალს, ტოტენჰემს, რეალს, ბარსელონას, ატლეტიკოს, მილანს, ინტერსა და იუვენტუსს უნდა მიეღოთ. პროექტი კლუბების უმეტესობამ დაატოვა და მისი შეჩერების შესახებ ოფიციალურად გამოცხადდა.

კომენტარები

ბოლო ამბები