Thumbnail

ამინაშვილი ფინალშია! ორი მედალი ვარშავიდან და 4 მედლის შანსი

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • თავისუფალი სტილით მოჭიდავეების ორი მედალი ევროპის ჩემპიონატიდან
  • ქართველ მოჭიდავეებს კიდევ 4 მედლის მოგების შანსი აქვთ

პოლონეთის ქალაქ ვარშავაში თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატი გრძელდება - საქართველომ პირველი მედლები უკვე მოიპოვა. ნიკა კენჭაძემ (79 კგ) სომეხ არმან ავაგიანს 47 წამში 10:0 მოუგო და ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში შამილ ზუბაიროვს 5:0 მოუგო და საქართველოს მეორე ბრინჯაოს მედალი მოუტანა.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს ხვალ კიდევ 4 მედლის მოგების შანსი აქვს. სანდრო ამინაშვილმა (86 კგ) ბელარუს ალი შაბანაუს ბოლო 10 წამში ილეთი გაუკეთა და ფაქტობრივად წაგებული ბრძოლა შემოატრიალა. სანდრომ ამ გამარჯვებით ევროპის ჩემპიონატის ფინალის საგზური მოიპოვა. მისი მეტოქე ფინალში რუსი არტურ ნაიფონოვი იქნება.

ავთანდილ კენჭაძე (74 კგ) ბრინჯაოს რეპეშაჟში მეტოქეს ელის. ბექა ლომთაძე (61 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას აპირებს. მისი მეტოქე ჯერჯერობით უცნობია. გენო პეტრიაშვილი (125 კგ) რეპეშაჟში პოლონელ კამილ კოსჩიოლეკს შეხვდება და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას ეცდება, რადგანაც მისმა მომგებმა ტაჰა აკგულმა ქართველს 6:1 აჯობა.

კომენტარები

ბოლო ამბები