Thumbnail

Daily Mail ექსკლუზიურად წერს, რომ ინგლისის ნაკრების საზაფხულო ტურნე კორონავირუსის პანდემიის გამო დიდი ალბათობით, აღარ გაიმართება - კალენდარი შესაძლოა, შეიცვალოს და "თვიქნემს" საქართველოს ნაკრები ეწვიოს. 

ბრიტანული გამოცემა ამტკიცებს, რომ ინგლისის ნაკრების საზაფხულო ტურნე ჩრდილოეთ ამერიკაში სავარაუდოდ, გაუქმდება. ივლისში ინგლისელებს შინ მოუწევთ თამაში, თან, იმის გათვალისწინებით, რომ ბრიტანელი ლომების ტურნეში მონაწილე მორაგბეები მათ დააკლდებათ. 

'ბორჯღალოსნებმა' 'თვიქნემზე' ნოემბერში უკვე ითამაშეს ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ

ინგლისის ნაკრებმა 6 ერზე ძალიან ცუდად იასპარეზა და მხოლოდ მუდმივ აუტსაიდერ იტალიას აჯობა. ედი ჯონსს ეიმედებოდა, რომ კალიფორნიული ტურნე მაინც შედგებოდა, თუმცა ამ ეტაპზე ტურნესთან დაკავშირებით ძალიან დიდი გაურკვევლობაა. 

გეგმის მიხედვით, ინგლისი ივლისში კანადას და აშშ-ს უნდა ეთამაშოს, სწორედ ამ პერიოდში ბევრი მოწინავე მორაგბე ლომების ტურნეში, სამხრეთ აფრიკაში იქნება. რამდენიმე დღის წინ მედია ამტკიცებდა, რომ ჩრდილოამერიკული ტურნეს ნაცვლად შესაძლოა, ინგლისმა აქეთ უმასპინძლოს ამერიკულ ნაკრებებს, მაგრამ ამ შემთხვევაში, თავს იჩენს ბევრი ლოგისტიკური პრობლემა. 

ამერიკის ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან ტესტის შემდეგ ბრიტანეთში ჩასვლას და იქ ინგლისთან და საქართველოსთან თამაშს აპირებს, თუმცა ამ შემთხვევაში "წითელი ზონიდან" ჩასულ გუნდს 10-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევს, რაც მჭიდრო ვადებში შეუძლებელია განხორციელდეს. "დეილი მეილის" ინფორმაციით, ამერიკელების ვიზიტი მაინც საეჭვოა. ჯერჯერობით, უცნობია ინგლისი-კანადა ჩატარდება თუ არა. გამოცემა ამტკიცებს, რომ დიდი ალბათობით, ივლისში ჯონსის გუნდი "თვიქნემზე" საქართველოს უმასპინძლებს, მაშინ, როცა ინგლისის A ნაკრები (საქსონები) შოტლანდიას დაუპირისპირდება. 

შეგახსენებთ, რომ შოტლანდიელებს დიდი სურვილი აქვთ საქართველოში და რუმინეთში თამაშის. ასე რომ, "დეილი მეილს" მიაჩნია, რომ არსებობს შესაძლებლობა, რომ ნაკრებებმა ჯგუფური ტურნირიც გამართონ (ინგლისი, შოტლანდია, საქართველო, რუმინეთი). 7 აგვისტოს კი, წესით, საქართველოს ნაკრები არგენტინას უნდა ეწვიოს ტესტის გასამართად. 

შეგახსენებთ, რომ 6 ერის ორგანიზაციამ 2020 წელს 8 ერის ტურნირი "შემოდგომის ერთა თასი" გამართა, სადაც საქართველოს და ფიჯის ნაკრებები დაპატიჟეს. 14 ნოემბერს საქართველოს ნაკრებმა "თვიქნემზე" ითამაშა ინგლისის წინააღმდეგ და 0:40 დამარცხდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები