Thumbnail

'ბაიერნი ამაში მონაწილეობას არ მიიღებს' - კარლ-ჰაინც რუმენიგე სუპერლიგაზე 

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

მიუნხენის ბაიერნის ოფიციალური გვერდი კლუბის გენერალური დირექტორის, წარსულში ცნობილი ფეხბურთელის კარლ-ჰაინც რუმენიგეს მიმართვას ავრცელებს, რომელიც ევროპის სუპერლიგას ეხება.

კარლ-ჰაინც რუმენიგე (ბაიერნის გენერალური დირექტორი): "ბაიერნს სუპერლიგის შექმნაში მონაწილეობა არ მიუღია. დარწმუნებულები ვართ, რომ ფეხბურთში არსებული სტრუქტურა საიმედო საფუძველს იძლევა სამომავლოდ. ბაიერნი მხარს უჭერს უეფას ჩემპიონთა ლიგის რეფორმას, რადგან გვჯერა, რომ ეს არის ევროპული ფეხბურთის განვითარება სწორი მიმართულებით. გარდაქმნილი ჯგუფური ეტაპი მეტად შეუწყობს ხელს ტურნირის ემოციური ფონის აწევას.

პირადად, არ მჯერა, რომ სუპერლიგა ფინანსურ პრობლემებს გადაჭრის, რომლებიც კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია ევროპულ ფეხბურთში. ევროპული ფეხბურთი ამას ერთად უნდა გაუმკლავდეს, დაადგინოს ფეხბურთელების ხელფასები, აგენტების სარგო, რომ ის უფრო რაციონალური გახდეს".

შეგახსენებთ, რომ ევროპის სუპერლიგის 12 დამფუძნებელ კლუბს შორის არცერთი გერმანული და ფრანგული კლუბი არ არის. როგორც ჩანს, ბაიერნი ევროპის სუპერლიგის პრინციპული წინააღმდეგია. 

 🔗 მეტი ამ თემაზე

ევროპის სუპერლიგის ფორმირების შესახებ 18 აპრილს გახდა ცნობილი, რომელშიც არსენალი, ჩელსი, ლივერპული, მანჩესტერ სიტი, მანჩესტერ იუნაიტედი, ტოტენჰემი, რეალი, ბარსელონა, ატლეტიკო, მილანი, ინტერი და იუვენტუსი გაერთიანდნენ. კიდევ 8 მონაწილე კლუბი მოგვიანებით დასახელდება. ვარაუდობენ, რომ ტურნირი 2021 წლის აგვისტოდან დაიწყება, უეფა კი ამ კლუბებს ევროთასებიდან დისკვალიფიკაციით ემუქრება.

კომენტარები

ბოლო ამბები