Thumbnail
  • ევროპის სუპერლიგის შექმნას მთელ მსოფლიოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა
  • პოპსპორტი რევაზ არველაძეს, ბიძინა ბარათაშვილს და ვახო სანაიას ესაუბრა

ახალი ელიტარული საკლუბო ტურნირის, ევროპის სუპერლიგის დაანონსებამ მსოფლიო ფეხბურთში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. 12 კლუბის გადაწყვეტილებას მსოფლიო და ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანოებმა, მოთამაშეებისადმი და ამ კლუბებისადმი სანქციების დაწესების მუქარით უპასუხეს. წარმოიშვა ბევრი შეკითხვა, რომელთა უმრავლესობაზე პასუხი ჯერ არავის აქვს.

რა მოხდება და როგორი იქნება ევროპული ფეხბურთის სტრუქტურა? რა პრობლემებმა შეიძლება იჩინოს თავი როგორც წმინდა საფეხბურთო, ასევე თუნდაც ფეხბურთის გაშუქების თვალსაზრისით. ვინ ემხრობა და ვინ ეწინააღმდეგება სუპერლიგას. პოპსპორტი საფეხბურთო ფუნქციონერ რევაზ არველაძეს, SILK TV-ის გენერალურ პროდიუსერ ბიძინა ბარათაშვილს და ფეხბურთის, კონკრეტულად კი ტურინის იუვენტუსის ქომაგს, ტელეწამყვან ვახო სანაიას დაუკავშირდა.

რევაზ არველაძე (საფეხბურთო ფუნქციონერი)

“ჩემი აზრით, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია, რომლებზეც მხარეები აუცილებლად უნდა შეთანხმდნენ. პირველ რიგში ეს სანაკრებო ფეხბურთს ეხება - რამდენად იქნება შესაძლებელი ეროვნულ ნაკრებებში მოთამაშეების დაუბრკოლებლად გაშვება.

მეორე საკითხი კალენდარია, რასაც ავტომატურად სატელევიზიო უფლებების გაყიდვა მოსდევს. ელემენტარულია, რომ თუ სუპერლიგის მატჩები დროში ახალ ტურნირში გაერთიანებული კლუბების გარეშე დარჩენილი ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებს დაემთხვა, ამ უკანასკნელის შეხვედრებისადმი ინტერესი იქნება დაბალი, რაც, რა თქმა უნდა, ფინანსურ პრობლემებს შექმნის. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ თანხები, რომელთა აკუმულირება ფიფა-ს და უეფა-ს მიერ ხდება, ბევრი მიმართულებით იხარჯება. მაგალითად, ისინი ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატების უმაღლეს დონეზე ჩატარებას ხმარდება. ამ კუთხით თუ დეფიციტი შეიქმნა, ეს უდიდესი დარტყმა იქნება.

🔗 მეტი ამ თემაზე

გარდა ამისა, შესაძლოა, საუბარი სხვა, ახლა რომ უმნიშვნელოდ მიგვაჩნია, მაგრამ სინამდვილეში ძალიან მნიშვნელოვანია, ისეთ საკითხებზეც იყოს. მაგალითად, ამ ტურნირის დამაარსებლები შესაძლოა, საფეხბურთო წესებში ცვლილებების ლობისტებიც გახდნენ. საბოლოო ჯამში მივდივართ ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხამდე: აუცილებელია, მოხდეს შეთანხმება. კონფრონტაცია და ხისტი გადაწყვეტილებები ყველა შემთხვევაში უარყოფით გავლენას მოახდენს.” 

ბიძინა ბარათაშვილი (SILK TV-ის გენერალური პროდიუსერი)

“ჩემთვის, როგორც სატელევიზიო მენეჯერისთვის, ამ ტურნირის დაწყება მცირე თავისტკივილი ნამდვილად იქნება, მაგრამ ბიზნესის კუთხით დიდი სხვაობა ნამდვილად არ არის, შეიძენ სუპერლიგის, თუ მაგალითად, ჩემპიონთა ლიგის ჩვენების უფლებებს. ეს მატჩები ნებისმიერი ტურნირის ფარგლებში უდიდესი მოვლენაა. რაც შეეხება, ჩემი როგორც გულშემატკივრის ტურნირისადმი დამოკიდებულებას: მკვეთრად უარყოფითად ვარ განწყობილი.

პირველ რიგში, ამ დამოკიდებულებას უეფას და ფიფას დამოკიდებულება მიქმნის. ჩვენ რევოლუციის და დიდი სკანდალის წინაშე ვართ. სანქციები ფეხბურთელებზე, სანაკრებო მატჩებიდან მათი მოკვეთა, ადგილობრივი ასოციაციების კლუბებისადმი მუქარები... ჩემპიონთა ლიგის პირობებშიც კი, დიდი გუნდები ძალიან ხშირად შემადგენლობების როტაციას ახდენდნენ. ისინი საკუთარი ჩემპიონატის მატჩებს მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის უკეთ მოსამზადებლად სწირავენ. ამ პირობებში, როდესაც მათ კვირაში ერთხელ ერთმანეთში სათამაშო ექნებათ, იგივე კლუბები ჩემპიონატებში რომც დარჩნენ, მათ საშინაო ტურნირში გამოსვლას ეს კიდევ უფრო მეტად გააუფერულებს.

ნუთუ შეიძლება, ეს სუპერლიგა რომაული კლუბების გარეშე, ან ნაპოლის გარეშე, რომლითაც მთელი სამხრეთ იტალია სულდგმულობს?

მეორეს მხრივ, თუ ასოციაციებმა თავისი მუქარა სისრულეში მოიყვანეს და ეს კლუბები ჩემპიონატებიდან გააგდეს, სათამაშო დონე ისე დაეცემა, რომ მატჩების ყურების სურვილი აღარავის ექნება. ეროვნული ჩემპიონატების ხიბლი იმაშია, რომ გრანდი კლუბები ეთამაშებიან მათზე სუსტებსაც და არაა გამორიცხული, რომ ამ სუსტებთან ქულები დაკარგონ. შავი ხიზილალის გაუთავებელი მირთმევა, ამ უგემრიელესი პროდუქტისადმი ალერგიულ დამოკიდებულებას იწვევს და არა გემოვნების დახვეწას. დოზირება ყველაფერს ჭირდება.

გასაგებია, რა ხდება ინგლისში და ესპანეთში, მეტ-ნაკლებად გასაგებია იტალიელების დამოკიდებულებაც, მაგრამ გერმანია და საფრანგეთი? ბაიერნი, დორტმუნდის ბორუსია, პსჟ? იტალიაზე ვთქვი, რომ მეტ-ნაკლებად გასაგებია, მაგრამ ნუთუ შეიძლება, ეს სუპერლიგა რომაული კლუბების გარეშე, ან ნაპოლის გარეშე, რომლითაც მთელი სამხრეთ იტალია სულდგმულობს? ეს სუპერლიგა მხოლოდ იუვემ და მილანურმა გუნდებმა უნდა ითამაშონ? მილანის კარგი თამაში ბოლოს ვინ და სად ნახა? ან თუნდაც ინტერი, რომელიც კი ხდება დიდი ალბათობით იტალიის ჩემპიონი, მაგრამ მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ჯგუფში მეოთხე ადგილზე გავიდა და ევროპა ლიგაზეც კი ვერ მოხვდა!

წაიკითხესუპერლიგა თუ ახალი ჩემპიონთა ლიგა - რომელი ჯობია ფეხბურთისთვის

ჩემთვის ასევე გაუგებარია ამ გადაწყვეტილების ყველანაირი წინასწარი საინფორმაციო კამპანიის გარეშე გამოცხადება. ადამიანები, რა თქმა უნდა, პატივსაცემები, ღამე შეიკრიბნენ და დილას ყველა სპორტული ვებგვერდის ჰედლაინი მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება გახდა. მსგავსი მიდგომა მათი პროექტისადმი ნდობას ნამდვილად არ ზრდის. მე ასე ვიცი,  თუ კარგ რამეს აკეთებ, ეს საქმე კი არ უნდა დამალო, არამედ მაქსიმალურად გამჭვირვალედ აკეთო.

საერთოდ, ამ ბოლო პერიოდში მსგავსი განხეთქილებები სპორტის სხვადასხვა სახეობებში მოხდა. იგივე კალათბურთში, ჩოგბურთში, მაგრამ არცერთი საერთაშორისო სპორტული ორგანიზაცია ისეთი გავლენით არ სარგებლობს, როგორი გავლენაც  ფიფას აქვს. კომპრომისი აუცილებლად უნდა მოიძებნოს. თქვენთან ერთ-ერთ ჩემს ინტერვიუში ვახსენე, რომ ფეხბურთში არსებული დღევანდელი ფინანსური მდგომარეობა, მოთამაშეების ხელფასები, დანარჩენი მსოფლიოსგან მოწყვეტილია. დღევანდელი ვითარებაც ამითაა გამოწვეული. ეს არის კომერციალიზაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი და ფეხბურთისთვის ამ მსოფლიოში უბრალოდ ადგილი აღარ დარჩა.”

ვახო სანაია (ტელეწამყვანი)

“მე მხარს ვუჭერ სუპერლიგას. მგონია, რომ უფრო ხარისხიან ფეხბურთს ვნახავთ. როდესაც ჩემპიონთა ლიგის ყურება დავიწყე, მაშინ ამ ტურნირში 16 კლუბი მონაწილეობდა და ფეხბურთიც უმაღლესი ხარისხის იყო. ახლა რა სურათი გვაქვს? რეალურად, ჩემპიონთა ლიგა იწყება 1/4 ფინალიდან, ან უკეთეს შემთხვევაში 1/8 ფინალიდან. ბევრმა შეიძლება თქვას, რომ სუპერლიგა ჩაკეტილი სისტემა იქნება. არა უშავს! ჩაკეტილი სისტემაა რაგბიშიც, მაგრამ მშვენივრად მუშაობს. რაც მთავარია, აიწევს ფეხბურთის ხარისხი.

ბევრმა შეიძლება თქვას, რომ სუპერლიგა ჩაკეტილი სისტემა იქნება. არა უშავს! ჩაკეტილი სისტემაა რაგბიშიც, მაგრამ მშვენივრად მუშაობს.

გამოგიტყდებით და სანამ ეს იდეა ამ ფორმას შეიძენდა, ანუ სანამ ეს ტურნირი დაფუძნდებოდა, მანამდე ვამბობდი, რომ მსგავსი რამ აუცილებლად უნდა მომხდარიყო. რაც შეეხება სანაკრებო ფეხბურთს: ყველანი ვთანხმდებით, რომ დღეს საკლუბო ფეხბურთი უფრო მაღალი დონისაა, ვიდრე სანაკრებო. ეს ბუნებრივია. მოთამაშეები კლუბებში გაცილებით უფრო მეტ დროს ატარებენ, ელემენტარულად უფრო შეთამაშებულნი არიან, რაც მათ მიერ ნაჩვენები ფეხბურთის დონეს განსაზღვრავს, მაგრამ სანაკრებო ფეხბურთის იგნორირება არაფრით შეიძლება. ამიტომ, იმედი მაქვს, ეს საკითხი დალაგდება. ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატების სათამაშო ხარისხი უმნიშვნელოვანესია. ამ ტურნირებს ვერაფერი ჩაანაცვლებს.

სუპერლიგის შექმნა სასარგებლო თუნდაც იმიტომ იქნება, რომ კარგ ფეხბურთს ვნახავთ ხშირად და მთელი სეზონის მანძილზე მაგალითად იუვე-რეალს, ან იუვე-ბარსას აღარ დაველოდებით. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ეს ლოდინი შესაძლოა, ფუჭი აღმოჩნდეს, რადგანაც გრანდების სუსტ კლუბებთან მარცხების შემთხვევები უკვე ხშირია. ამის მიზეზი კი ძირითადად ან შემთხვევითობა, ან უფრო ძლიერი გუნდის კონკრეტულ მომენტში ცუდ ფორმაში ყოფნაა. ჩვენ ხომ ყოველი წილისყრის წინ იმას ვგულშემატკივრობთ, რომ ტოპ წყვილები შეიქმნას და რატომ უნდა ველოდოთ ამ დიდი გუნდების დაპირისპირებას, როდესაც შეიძლება რომ ისინი ხშირად ვნახოთ ერთმანეთის წინააღმდეგ.”

ევროპის სუპერლიგის ფორმირების შესახებ 18 აპრილს გახდა ცნობილი, რომელშიც არსენალი, ჩელსი, ლივერპული, მანჩესტერ სიტი, მანჩესტერ იუნაიტედი, ტოტენჰემი, რეალი, ბარსელონა, ატლეტიკო, მილანი, ინტერი და იუვენტუსი გაერთიანდნენ. კიდევ 8 მონაწილე კლუბი მოგვიანებით დასახელდება. ვარაუდობენ, რომ ტურნირი 2021 წლის აგვისტოდან დაიწყება, უეფა კი ამ კლუბებს ევროთასებიდან დისკვალიფიკაციით ემუქრება.

კომენტარები

ბოლო ამბები