Thumbnail

'იღბლიანი წაგებულის' სტატუსით - გორგოძე ძირითად ბადეში ითამაშებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ეკო გორგოძემ კვალიფიკაციაში წააგო, თუმცა, მიზანს მაინც მიაღწია
  • Porsche Tennis Grand Prix-ზე ძალებს ოქსანა კალაშნიკოვაც მოსინჯავს

29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ გერმანიის ქალაქ შტუტგარტში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 456 073 ევრო) ძირითად ბადეში გააღწია, თუმცა, ეს იმის ხარჯზე მოახერხა, რომ “იღბლიანის წაგებულის” სტატუსი ერგო.

გორგოძემ Porsche Tennis Grand Prix-ზე ძალები კვალიფიკაციაში სცადა, სადაც მე-10 ნომრად განთესილ ნიდერლანდელ ინდი დე ვრუმს 6:2, 6:2 სძლია, გადამწყვეტ ეტაპზე კი მე-4 რეიტინგის მქონე გერმანელ ანა-ლენა ფრიედსამთან 3:6, 1:6 წააგო. წესით, ეკოს ტურნირზე თამაში ამით უნდა დაესრულებინა, თუმცა, ვინაიდან ბოლო წამს, ტრავმის გამო, თამაშზე უარი ნიდერლანდელმა კიკი ბერტენსმა განაცხადა, ქართველმა ჩოგბურთელმა “ლაქი ლუზერის” სტატუსი მიიღო.

ამგვარად, გორგოძე მომდევნო მატჩს ხვალ ჩაატარებს, მისი მეტოქე კი ცნობილი გერმანელი ჩოგბურთელი ანგელიკ კერბერი იქნება. 33 წლის კერბერი WTA-ს მიმდინარე რეიტინგში 25-ე ადგილზე იმყოფება, 2016 წელს კი მსოფლიოს პირველი ჩოგანი იყო და სლემ-ტურნირების 3-გზის (ავსტრალიის ღია პირველობა, აშშ-ს ღია პირველობა, უიმბლდონი) გამარჯვებულია.

საინტერესოა, რომ Porsche Tennis Grand Prix-ზე პირველ ნომრად განთესილი ავსტრალიელი ეშლი ბარტია განთესილი, რომელსაც რუმინელი სიმონა ჰალეპი, ამერიკელი სოფია კენინი, უკრაინელი ელინა სვიტოლინა, ბელარუსი არინა საბალენკა და ჩეხი კაროლინა პლისკოვა მოჰყვებიან.

ცნობისთვის, გორგოძე ძალებს წყვილთა ტურნირშიც მოსინჯავს, სადაც მისი პარტნიორი ულრიკე ეიკერი იქნება. ქართველი და ნორვეგიელი ჩოგბურთელები მერვედფინალში გერმანელ ვივიან ჰეისენსა და ჩინელ იაფან ვანგს ეთამაშებიან. ვთქვათ ისიც, რომ შტუტგარტში კიდევ ერთ ქართველ ჩოგბურთელ ოქსანა კალაშნიკოვას ვიხილავთ. ის და რუსი ალა კუდრიავცევა გერმანელებს – მონა ბარტელსა და ანა-ლენა ფრიედსამს დაუპირისპირდებიან.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით 1 კვირის წინ ეკატერინე გორგოძე შვეიცარიის ქალაქ ბელინცონაში გამართული საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 60 000 დოლარი) წყვილთა თანრიგის გამარჯვებული გახდა. გორგოძემა და ყაზახმა ანა დანილინამ ფინალში კანადელ რებეკა მარინოსა და იაპონელ იუკი ნაიტოს 7:5, 6:3 მოუგეს.

კომენტარები

ბოლო ამბები