Thumbnail

'ფეხბურთელები დაისჯებიან, ანიელი მატყუარაა!' - ჩეფერინის შეტევა სუპერლიგაზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ალეკსანდერ ჩეფერინის კომენტარი საფეხბურთო რევოლუციაზე
  • სლოვენიელი კლუბებს და ფეხბურთელებს სანქციებით ემუქრება

უეფას პრეზიდენტმა ალეკსანდერ ჩეფერინმა სუპერლიგის სკანდალურ იდეაზე პირველი კომენტარი გააკეთა. ევროპული ფეხბურთის მმართველი უწყების ხელმძღვანელი საკმაოდ პირდაპირი და მკაფიო იყო. როგორც სლოვენიელმა განაცხადა, ფეხბურთელებს, რომლებიც სუპერლიგაში ითამაშებენ, ეროვნულ ნაკრებებში თამაშის უფლება ჩამოერთმევათ. ჩეფერინმა იუვენტუსის პრეზიდენტს, ევროპული კლუბების ასოციაციის ყოფილ პრეზიდენტსა და ახლა უკვე სუპერლიგის ვიცე-პრეზიდენტს, ანდრეა ანიელის მატყუარა ადამიანი უწოდა.

"უეფა და ფეხბურთის სამყარო გაერთიანებულია ამ საშინელი წინადადების წინააღმდეგ, რომელიც რამდენიმე ევროპულმა კლუბმა წამოაყენა. ისინი მხოლოდ სიხარბის იდეას მისდევენ. ფეხბურთის სამყარო გაერთიანდა, ხელისუფლებები გაერთიანდნენ, ყველა გაერთიანდა ამ უაზრო პროექტის წინააღმდეგ. მადლობა მინდა გადავუხადო საფეხბურთო ოჯახს, კლუბებსაც, გარდა იმ 12 გუნდისა და მადლობა მთავრობებს. ეს იდეა სახეში აფურთხებს იმ ხალხს, ვისაც ფეხბურთი უყვარს, ჩვენ არ მივცემთ მათ ფეხბურთის წართმევის საშუალებას. ის ფეხბურთელები, რომლებიც სუპერლიგაში მიიღებენ მონაწილეობას, ვერ ითამაშებენ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე. ისინი ვერ შეძლებენ ეროვნული ნაკრებები წარმოადგინონ.

უეფა მხოლოდ ფულის საკითხი არ არის, სუპერლიგა - კი! ეს ათეული გუნდის იტერესებია და არ მინდა, მათ ბინძური ათეული ვუწოდო. ძირითად პრინციპები არ შეიძლება შეიცვალოს, სოლიდარობა მარადიულია. მაგრამ ზოგიერთებისთვის სოლიდარობა არ არსებობს, ერთადერთი რაც არსებობს, ეს ჯიბეში ფულია.

ანდრეა ანიელი? არასდროს მინახავს, ადამიანი ამდენჯერ და ასე იტყუებოდეს. მას შაბათს, ნაშუადღევს ვესაუბრე და მითხრა, რომ ეს ყველაფერი ტყუილია. შემდეგ კიდევ ვურეკავდი და ტელეფონი გათიშა. ის მატყუარაა, გველია! სიხარბე ადამიანის ყველა ღირებულების აორთქლების საშუალებას იძლევა. ისინი არიან ე.წ დიდი კლუბები, მაგრამ აშკარაა, რომ დღევანდელი დიდი კლუბები ყოველთვის გრანდები არ იყვნენ. იუვენტუსი სერია
B-ში იყო, მანჩესტერ იუნაიტედი კი სერ ალექს ფერგიუსონამდე სად იყო, არც ვიცი", - თქვა ჩეფერინმა.

🔗 მეტი ამ თემაზე

ევროპის სუპერლიგის ფორმირების შესახებ 18 აპრილს გახდა ცნობილი, რომელშიც არსენალი, ჩელსი, ლივერპული, მანჩესტერ სიტი, მანჩესტერ იუნაიტედი, ტოტენჰემი, რეალი, ბარსელონა, ატლეტიკო, მილანი, ინტერი და იუვენტუსი გაერთიანდნენ. კიდევ 8 მონაწილე კლუბი მოგვიანებით დასახელდება. ვარაუდობენ, რომ ტურნირი 2021 წლის აგვისტოდან დაიწყება, უეფა კი ამ კლუბებს ევროთასებიდან დისკვალიფიკაციით ემუქრება.

კომენტარები

ბოლო ამბები