Thumbnail

რევოლუცია ფეხბურთში! გრანდებმა ევროპის სუპერლიგა დააარსეს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ფეხბურთში ახალი ერა იწყება! ახლა უკვე ოფიციალურად, ევროპის სუპერლიგა დაარსდა, რომლის დამფუძნებელი 12 კლუბია და ახალი ტურნირის შექმნა ყველა მათგანმა დაადასტურა. საინტერესოა, რომ ეს ამბავი ჩემპიონთა ლიგის რეფორმის დამტკიცებამდე ერთი დღით ადრე მოხდა და თამამად შეიძლება ეწოდოს რევოლუციის დასაწყისი. ყველაზე მდიდარმა და გავლელიანმა კლუბებმა საკუთარი ტურნირის შექმნა დაადასტურეს!

დამფუძნებელი კლუბები: მილანი, არსენალი, ატლეტიკო, ჩელსი, ბარსელონა, ინტერი, იუვენტუსი, ლივერპული, მანჩესტერ სიტი, მანჩესტერ იუნაიტედი, რეალი და ტოტენჰემი. სუპერლიგის ოფიციალურ განცხადებიდან ირკვევა, რომ ხსენებულ 12 გუნდს კიდევ 3 კლუბი შეუერთდება, რომლებიც ასევე იქნებიან სუპერლიგის დამფუძნებლები და ახალი ტურნირი, რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს.

ევროპის სუპერლიგის პრეზიდენტად მადრიდის რეალის მეთაური ფლორენტინო პერესი აირჩიეს, ხოლო ვიცე-პრეზიდენტის როლებს იუვენტუსის პრეზიდენტი ანდრეა ანიელი და მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელი ჯოელ გლეიზერი მოირგებენ.

"უკვე რამდენიმე წელია, დამფუძნებელმა კლუბებმა დაისახეს მიზანი, რომ გააუმჯობესონ ევროპული შეჯიბრებების ხარისხი და ინტენსივობა, შექმნან ფორმატი, რომელიც ტოპკლუბებსა და მათ ფეხბურთელებს საშუალებას მისცემს, ერთმანეთს რეგულარულად გაეჯიბრონ", - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

🔗 მეტი ამ თემაზე

გარდა ამისა, სუპერლიგის შექმნა კორონავირუსის პანდემიის გამო ევროპულ ფეხბურთში წარმოქმნილმა არასტაბილურმა ეკონომიკურმა მდგომარეობამაც დააჩქარა. მამაკაცთა შეჯიბრის დაწყების შემდეგ, რაც შეიძლება მალე შეიქმნება ქალთა შესაბამისი ლიგაც, რომელიც ხელს შეუწყობს ქალთა ფეხბურთის განვითარებასა და პროგრესს.

აღსანიშნავია, რომ უეფა კატეგორიულად ეწინააღმდეგება სუპერლიგას და უკვე ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც 12-ვე კლუბს სანქციებით დაემუქრა - მათ შორის, ევროთასებიდან, შიდა ჩემპიონატებიდან მოკვეთით და მათი ფეხბურთელების სანაკრებო მატჩებში მონაწილეობის აკრძალვით. უეფას მხარს უჭერს ფიფა, ინგლისის, ესპანეთის, იტალიის ფეხბურთის ფედერაციები, პრემიერლიგა, ლა ლიგა და სერია A.

მიუხედავად ამისა, სუპერლიგის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტები ფიფასთან და უეფასთან თანამშრომლობას და მოლაპარაკებას გეგმავენ. სუპერლიგის წინააღმდეგ ოფიციალური განცხადება ევროპული კლუბების ასოციაციამაც (ECA) გაავრცელა, რომლის პრეზიდენტი ანდრეა ანიელია, თუმცა ის საგანგებო ხდომაზე არ იმყოფებოდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იტალიელი ამ პოსტს დატოვებს.

ევროპის სუპერლიგის ფორმატი

ევროპის სუპერლიგაში 20 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, 15 დამფუძნებელი კლუბი და კიდევ 5 გუნდი, რომელთა შერჩევა ყოველწლიურად მოხდება წინა სეზონში მიღწეული შედეგების საფუძველზე.

მატჩები შუა კვირაში გაიმართება და ყველა კლუბი ეროვნულ ჩემპიონატებში გააგრძელებს ასპარეზობას.

20 გუნდი ორ 10-გუნდიან ჯგუფში დაიყოფა, ითამაშებენ მატჩებს როგორც შინ, ისე სტუმრად და თითოეულ ჯგუფში საუკეთესო სამი გუნდი ავტომატურად მოიპოვებს 1/4-ფინალის საგზურს, ორივე ჯგუფის მე-4 და მე-5 ადგილოსნები კი ორმატჩიან დუელში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს და ბოლო ორი მეოთხედფინალისტიც ამ გზით გამოვლინდება. პლეი ოფში გუნდები შინ და სტუმრად ითამაშებენ, ხოლო ფინალი, მაისის ბოლოს ნეიტრალურ სტადიონზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ უეფა ჩემპიონთა ლიგის რეფორმაზე მუშაობს, მაგრამ როგორც ჩანს, ევროპულ გრანდებს უეფას გეგმა არ მოეწონათ და მათ თავისი იდეის სისრულეში მოყვანა საბოლოოდ გადაწყვიტეს. ჯერჯერობით უცნობია, რა ბერკეტით აპირებს უეფა და ფიფა სუპერლგის დამფუძნებელი კლუბების დასჯას.

კომენტარები

ბოლო ამბები