Thumbnail

'ფეხბურთი 70 წლით უკან დაიხევს' - სერ ალექს ფერგიუსონი სუპერლიგაზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ევროპის სუპერლიგის შექმნის იდეა უკვე საკმაოდ სერიოზულად განიხილება და ვარაუდობენ, რომ სულ მალე რამდენიმე კლუბი ახალი ტურნირის თაობაზე ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს. ამ თემაზე ბევრი საუბარი მიდის და შეიძლება ითქვას, რომ პროექტი ინიციატორების გარდა, არავის მოსწონს.

მაგალითად, ლეგენდარულმა შოტლანდიელმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა თქვა, რომ სუპერლიგა ფეხბურთისთვის 70 წლით უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება:

"ჩემი აზრით, თუკი ეს იდეა განხორციელდა, ევროპული ფეხბურთი, რომელსაც დღეს ვიცნობთ, ნაბიჯს 70 წლით უკან გადადგამს. იუნაიტედში მუშაობის პერიოდში ჩემპიონთა ლიგის ფინალში ოთხჯერ ვითამაშეთ და ეს ყოველთვის ყველაზე განსაკუთრებული მატჩები იყო, რომელიც გულშემატკივრებს ყველაზე მეტად უყვართ".

შეგახსენებთ, რომ უცხოური მედიის ინფორმაციით, ევროპის სუპერლიგას 16 ფიქსირებული მონაწილე ეყოლება და დაემატება კიდევ 4 გუნდი შიდა ჩემპიონატების შედეგებიდან გამომდინარე. შესაბამისად, სუპერლიგაში ევროპის 20 საუკეთესო გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც არაოფიციალური ცნობით, ორ 10-გუნდიან ჯგუფში განაწილდებიან და სეზონში 18-23 შეხვედრას ჩაატარებენ.

გავრცელებული ცნობით, ევროპის სუპერლიგის მუდმივი წევრები იქნებიან მანჩესტერ იუნაიტედი, ლივერპული, მანჩესტერ სიტი, ჩელსი, არსენალი, ტოტენჰემი, რეალი, ატლეტიკო, იუვენტუსი, ინტერი და მილანი. ისინი, როგორც ტურნირის დამფუძნებელი კლუბები, სუპერლიგაში გაწევრიანების შემდეგ 350 მილიონ ევროს მიიღებენ.

ევროპის სუპერლიგის შექმნის იდეას უეფას გარდა, უკვე განუდგნენ ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია, პრემიერლიგა, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია (RFEF), ლა ლიგა, იტალიის ფეხბურთის ფედერაცია (FIGC) და სერია A. უეფამ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა და სუპერლიგის ყველა მხარდამჭერ გუნდს შიდა ჩემპიონატებიდანა და ევროთასებიდან, მათ ფეხბურთელებს კი სანაკრებო ტურნირებიდან მოკვეთით დაემუქრა.

კომენტარები

ბოლო ამბები