Thumbnail

თუშიშვილის ბრინჯაო და გუნდური პირველი ადგილი ევროპის ჩემპიონატზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

მსოფლიოსა (2018) და ევროპის ორგზის (2017, 2019) ჩემპიონმა გურამ თუშიშვილმა პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გამართულ ევროპის პირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

26 წლის თუშიშვილი მედლისთვის მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორ როი მეიერს გაეჯიბრა და 29 წლის ნიდერლანდელი ვაზარიზე 2-ჯერ დასცა. ვთქვათ ისიც, რომ გურამი შარშანდელ ევროპის პირველობაზეც მე-3 ადგილზე გავიდა.

შეგახსენებთ, რომ თუშიშვილმა დილის სესიაში თურქ ქემალ ერდოღანსა და ებრაელ ორ სასონს იპონებით აჯობა, თუმცა, ნახევარფინალში რუს ინალ ტასოევს გადაეყარა, შებოჭვაზე მოჰყვა და ასევე წმინდად წააგო. სწორედ ამის შემდეგ იყო დაპირისპირება მეიერთან, რომელმაც რეპეშაჟში ლევან მატიაშვილს აჯობა.

ამგვარად, საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 1 ოქროს, 3 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა და გუნდური პირველი ადგილიც დაიკავა. შეგახსენებთ, რომ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ლაშა ბექაური (90 კგ.) ავიდა, რომელმაც ფინალში თანამემამულე ბექა ღვინიაშვილი დაამარცხა, ვერცხლის მედლები აიღეს ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ.) და ვარლამ ლიპარტელიანმაც (100 კგ.), ბრინჯაო კი, როგორც აღვნიშნეთ, თუშიშვილმა დაისაკუთრა.

კომენტარები

ბოლო ამბები