Thumbnail

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა (100 კგ.) ევროპის ჩემპიონის ფინალში მარცხი განიცადა. ვარლამს ევროპული ოქრო 2012, 2014 და 2016 წლებში ჰქონდა დასაკუთრებული, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მიმდინარე ტურნირზე კი ვერცხლის მედალს დასჯერდა.

32 წლის ლიპარტელიანი ფინალში ევროპის 2018 წლის ჩემპიონს, ბელგიელ ტომა ნიკიფოროვს გაეჯიბრა და 4 წლით უმცროს მეტოქესთან იპონით წააგო. ნიკიფოროვმა ქართველი ძიუდოისტი კონტრილეთზე დაიჭირა და სუფთა გამარჯვება დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ დილის სესიაში ვარლამმა თურქ მერტ სისმანლარს ვაზარი აართვა, პოლონელი კასპერ შჩუროვსკი და ფრანგი ალექსანდერ იდირი იპონზე დასცა, ნახევარფინალში კი რუს ნიიაზ ილიასოვთან ურთულესი ორთაბრძოლა გადაიტანა და დამატებით დროში ვაზარიზე დააგდო.

ამავე წონაში ბრინჯაოს მედლის აღების შანსი ჰქონდა 19 წლის ქართველ ძიუდოისტ ილია სულამანიძეს, თუმცა, მე-3 ადგილისთვის ორთაბრძოლაში ხსენებულ იდირთან ვერაფერი გააწყო. მეტოქე ძალიან აქტიური იყო და “გოლდენ სქორში” ილია ვაზარიზე დასცა. შეგახსენებთ, რომ მანამდე სულამანიძემ ნიდერლანდელი მიხაელ კორელი, ხორვატი ზლატკო კუმრიჩი და აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოევი დააიპონა, ნახევარფინალის ბოლო წამზე კი იმავე ნიკიფოროვთან სუფთად წააგო.

კომენტარები

ბოლო ამბები