Thumbnail

20 წლის ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მიმდინარე ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ბექაურმა გადამწყვეტ ორთაბრძოლაში თანაგუნდელი ბექა ღვინიაშვილი ვაზარიზე 2-ჯერ დასცა და ევროპირველობა კარიერაში პირველად მოიგო, ღვინიაშვილს კი ვერცხლის მედალი ერგო.

შეგახსენებთ, რომ დილის სესიაში ღვინიაშვილმა ესტონელი კლენ კრისტოფერ კალიულანდი, რუმინელი ალექს კრეტი და უნგრელი კრისტიან ტოტი იპონზე დასცა, ნახევარფინალში კი ევროპის მოქმედ ჩემპიონს, რუს მიხაილ იგოლნიკოვს გაეჯიბრა და ვაზარს იპონიც მიაყოლა.

რაც შეეხება ბექაურს, მას საწყის რაუნდებში ფრანგი ალექსის მატიუ, ებრაელი ლი კოჩმანი და მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონი – სერბი ნემანია მაიდოვი იპონებით დაამარცხა და საოცარი ტემპი მხოლოდ ნახევარფინალშიღა დააგდო, სადაც თურქეთის წარმომადგენელ მიჰაელ ზგანკს ვაზარი აკმარა.

დღესვე, 100 კგ-მდე წონითი კატეგორიის ფინალში საქართველოს ნაკრების კაპიტანი ლიპარტელიანი ბელგიელი ტომა ნიკიფოროვს გაეჯიბრება, რომელმაც ნახევარფინალში ახალგაზრდა ილია სულამანიძეს ბოლო წამზე აღებული იპონის წყალობით აჯობა. თავის მხრივ, ილია ბრინჯაოს მედლისთვის ფრანგ ალექსანდერ იდირს გაეჯიბრება. მძიმე წონაში მე-3 ადგილისთვის ორთაბრძოლაში ნიდერლანდელი როი მეიერსი იქნება გურამ თუშიშვილის მეტოქე.

კომენტარები

ბოლო ამბები