Thumbnail

ლიგა 1-ის მეცის თავკაცმა ფრედერიკ ანტონეტიმ გიორგი (ჟორჟ) მიქაუტაძის მომავალზე ისაუბრა. 20 წლის ქართველი ფორვარდი ბელგიურ სერენშია სეზონის ბოლომდე განათხოვრებული, სადაც 20 მატჩში 19 გოლი გაიტანა. 

ფრედერიკ ანტონეტი (მეცის მწვრთნელი): "მეკარე გილემ დიში და ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე ის ფეხბურთელები არიან, რომელთა იმედიც მაქვს მომავალში. ჟორჟი აუცილებლად დაბრუნდება მეცში და მას შანსი მიეცემა. ის დაცვის ნამდვილი თავსატეხია. ძალიან ნიჭიერია და სახიფათო მეტოქის კარის სიახლოვეს. გილემის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია. მისთვის სათამაშო პრაქტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს".

როგორც ჩანს, მიქაუტაძე მომავალ სეზონს უკვე ლიგა 1-ში გაატარებს, მიუხედავად იმისა, გადავა თუ არა სერენი ბელგიურ ელიტაში (პლეი ოფშია გასული). 

თავად ფეხბურთელმა dhnet.be-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ახლა მხოლოდ სერენის წარმატებაზე და ბომბარდირობაზე ფიქრობს: 

გიორგი მიქაუტაძე (სერენი): "რა თქმა უნდა, მსურს, რომ ჩემპიონატის ბომბარდირი გავხდე, მაგრამ ამავე დროს, ძალიან მწყდება გული, რომ დანტე ვანზეირმა ტრავმა მიიღო. ასეთ რამეს არავის ვუსურვებ. დანტეს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. პენალტი? თუ მომეცემა შანსი, რა თქმა უნდა, დავარტყამ".

ამ წუთებში მიქაუტაძის სერენი ლიერსს მასპინძლობს. მიქაუტაძე სასტარტო შემადგენლობაშია. ის დანტე ვანზეირთან ერთად თანაბომბარდირია (19-19 გოლი), მაგრამ ვანზეირი სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები