Thumbnail

სკანდალი: ბელარუსმა მწვრთნელმა ქართველი მცველი და საქართველო შეურაცხჰყო

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ისლოჩი-ნემანის მატჩში მასპინძელთა მწვრთნელმა გიორგი ქანთარიაზე საცემრად გაიწია
  • ნემანის ქართველ მცველს მეტოქის განგებ ტრავმირება სულ ტყუილად დააბრალეს
  • 21 წლის ქანთარიამ ისლოჩის მწვრთნელ ვიტალი ჟუკოვსკის ბოდიში მოახდევინა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქანთარია, რომელიც ბელარუსული ნემანის ღირსებას იცავს, შარში გაეხვა.

ბელარუსის ჩემპიონატის მე-6 ტურში მისი გუნდი სტუმრად ისლოჩს დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა, მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა ვიტალი ჟუკოვსკიმ კი ქართველი მცველი სულ ტყუილად დაადანაშაულა - ჩვენი გუნდის თავდამსხმელ ხოლოდინსკის იდაყვით ცხვირი განგებ გაუტეხაო.

დადანაშაულებას ვინ ჩივის, 33 წლის ჟუკოვსკიმ ჯერ კიდევ მოედანზე გაიწია უდანაშაულო ქართველზე, მაგრამ ხელჩართულ დაპირისპირებამდე საქმე ორივე გუნდის ფეხბურთელების ჩარევის გამო არ მივიდა.

სამაგიეროდ, მწვრთნელმა ჯავრი პრესკონფერენციაზე იყარა, სადაც უდიერად მოეხსენია ქანთარიაც და ქართველებიც. 

არადა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ხოლოდინსკიმ ტრავმა არა ქართველ ფეხბურთელთან, არამედ ნემანის სხვა მოთამაშესთან - რუსლან ზუბკოვთან კონტაქტისას მიიღო. ამის შემდეგ ვიტალი ჟუკოვსკიმ ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, სადაც გიორგი ქანთარიას ბოდიში მოუხადა.

ისლოჩი-ნემანის მატჩის დასრულების შემდეგ მოედანზე გაწევ-გამოწევა გაჩაღდა

გიორგიმ მწვრთნელს საკუთარ Instagram-ზე ასე უპასუხა:

"მე საფეხბუთო კლუბ ნემანის ფეხბურთელი გიორგი ქანთარია ვარ და ჩემთვის მიუღებელია, ისლოჩის ფეხბურთელის ცემას რომ მაბრალებენ. იმ ეპიზოდში უბრალო ვარ. არსებობს კადრები, სადაც ჩანს სიმართლე.

ამაყი ვარ ჩემი ქართველობით და ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო და ჩემი ხალხი

მთავარმა მწვრთნელმა ვიტალი ჟუკოვსკიმ შეურაცხყოფა მომაყენა მეც და ჩემ სამშობლოსაც. ჩემი აზრით, მას ჯერ უნდა გაერკვია, რა მოხდა და შემდეგ გაეკეთებინა კომენტარები. მოგვიანებით მან ჩემთან მიმართებაში მაინც აღიარა შეცდომა. ჟურნალისტებს კი, ვთხოვ, გაერკვიონ ვითარებაში და შემდეგ დაწერონ ჩემზე სტატიები.

მოგვიანებით ისლოჩის მწვრთნელმა ბოდიში მოიხადა 

P.S. ბოლოს მინდა ვთქვა, რომ ამაყი ვარ ჩემი ქართველობით, ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო და ჩემი ხალხი, მაგრამ დავძენ იმასაც, რომ პატივს ვცემ და მიყვარს ბელარუსი. ფეხბურთელ ხოლოდინსკის ვუსურვებ სწრაფად გამოჯანმრთელებას", - წერს ქანთარია.

21 წლის ქანთარია ბელარუსულ კლუბში, სადაც ზუგდიდიდან გადავიდა, მეორე სეზონს ატარებს.

ქართველმა მცველმა მიმდინარე ჩემპიონატში 6-ივე მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და ერთი გაფრთხილება მიიღო.

გიორგის საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში 2 მატჩი აქვს ჩატარებული 

კომენტარები

ბოლო ამბები