Thumbnail
  • იუტა ჯაზი 119:111 ინდიანა პეისერსი
  • ქართველმა ცენტრმა მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა

გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსმა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მორიგ მატჩში მიმდინარე სეზონის საუკეთესო გუნდ იუტა ჯაზს სტუმრად დიდი ბრძოლა გაუმართა და 111:119 წააგო, ახალგაზრდა ქართველ ცენტრს კი კარიერის საუკეთესო შედეგამდე 1 ქულა დააკლდა.

ბითაძემ მოედანზე 12 წუთი გაატარა და 13 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა ლეგიონერმა 2-დან 1 ორქულიანი, 4-დან 3 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, 2 შეცდომა დაუშვა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო. მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში ინდიანელებმა მეტოქეზე 5 ქულით მეტი ჩააგდეს და ეს, სტუმართა რიგებში მე-2 მაჩვენებელი იყო. აღსანიშნავია, რომ პეისერსმა ტაიმი 13 ქულით მოიგო, თუმცა, მე-2 ნახევარში ფავორიტთან ვეღარაფერი გააწყო.

გოგა ბითაძე იუტასთან ძალიან აქტიური იყო

ბითაძე მოედანზე მე-2 მეოთხედის დასაწყისში გამოჩნდა და ძალიან შედეგიანი პერიოდი ჰქონდა. 21 წლის ქართველმა ცენტრმა ზედიზედ 2 სამქულიანი ჩააგდო, 2 საჯარიმო გამოიყენა და ჯერემი ლემბის ჩინებული პასის შემდეგ სლემიც მიითვალა. ამავე პერიოდში გოგამ დაცვაში სრულიად არასაჭირო ფოლიც მიიღო, შემდეგ შეტევაშიც დააჯარიმეს და პასივში მხოლოდ ეს ჰქონდა, ისე კი, მიმდინარე სეზონში, ალბათ, საუკეთესო მონაკვეთი ჩაატარა. გოგა თამაშს დასკვნითი მე-4 სტარტზე დაუბრუნდა და აქტივს კიდევ ერთი სამქულიანი შემატა.

პეისერსის რიგებში საუკეთესო ლიეტუველი დომანტას საბონისი იყო, რომელსაც სამმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა – 22 ქულა, 15 მოხსნა, 7 პასი. 24 ქულა ჩააგდო კარის ლევერტმა. ტრავმა მიიღო, თუმცა, მოედნის იძულებით დატოვებამდე 22 ქულა ჩააგდო ჯაზის ლიდერმა დონოვან მიტჩელმა. 24 ქულა იყო ბოიან ბოგდანოვიჩის აქტივში, ფრანგმა ცენტრმა რუდი გობერმა კი შთამბეჭდავი ორმაგი დუბლი შეასრულა – 13 ქულა, 23 მოხსნა.

ინდიანა პეისერსმა 26 მოგება და 29 მარცხი მოაგროვა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე დარჩა, თუმცა, მე-8 პოზიციაზე მყოფ შარლოტ ჰორნეთსს მხოლოდ 1 გამარჯვებით ჩამორჩება. ქართველი კალათბურთელის გუნდი მომდევნო შეხვედრას 18 აპრილს, ისევ სტუმრად, ატლანტა ჰოუქსთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები