Thumbnail

რეალურად რა ძალაა შენგელია?! თორნიკეს პროგრესი და NBA-ში დაბრუნების პერსპექტივა

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა

წლების განმავლობაში ჰეშთეგი #NBAVOTE ZAZA PACHULIA ქართულ რეალობაში ძალიან პოპულარული იყო. წელს კი სოციალურ ქსელში კიდევ ერთი წარმატებული ქართველი სპორტსმენის, თორნიკე შენგელიას მხარდასაჭერი #MVPMOVISTAR TORNIKE SHENGELIA გამოჩნდა. მიზეზი მარტივია - თორნიკე ალბათ კარიერის საუკეთესო სეზონს თამაშობს, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად პროგრესირებადი ქართველი სპორტსმენია და არა მხოლოდ ნაკრების ლიდერად ჩამოყალიბდა, არამედ ევროპულ კალათბურთშიც ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა.

კონტინენტის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდის, მოსკოვური ცსკა-ს მთავარი მწვრთნელი ინტერვიუში თავისი გუნდის დაცვით სქემებზე საუბრობდა. მან ისიც აღნიშნა, რომ მისი დაცვა ძირითადად სტანდარტულია, თუმცა  განსაკუთრებული მეტოქეების წინააღმდეგ, მას დაცვის გადაწყობა და მოწინააღმდეგის ძლიერ მხარეებზე აწყობა უწევს. ასეთ მოწინააღმდეგეებად კი მან სამი კაცი დაასახელა - ოლიმპიაკოსის ლეგენდადქცეული ლიდერი ვასილის სპანულისი, ფენერბაჰჩეს ცენტრი იან ვესელი და ბასკონიას თორნიკე შენგელია.

ბასკონიას სეზონი ჯერ არ დასრულებულა, თუმცა ეს წელი თორნიკესთვის უკვე შეიძლება აქტივში ჩაითვალოს - წარმატებული ევროპის ჩემპიონატი, ევროლიგის პლეი ოფი ბასკონიასთან ერთად და მხოლოდ დაძაბულ ბრძოლაში ფენერბაჰჩესთან მარცხი, მეორე ადგილი საკუთარ ჩემპიონატში და, რაც მთავარია, NBA-ში, სამყაროს მთავარ საკალათბურთო ლიგაში დაბრუნების პერსპექტივა. შენგელიას მთელი  თავისი კარიერის მანძილზე მუდმივად პროგრესირებდა და ახლა 26 წლის ასაკში კარიერის პიკს უახლოვდება. 

ვალენსიას, შარლერუას და პეპინსტერის შემდეგ თოკომ ბედი NBA-ში სცადა

შენგელია სწორ კალათბურთს თამაშობს. ახალგაზრდობის წლები მან ჯერ ესპანეთში, ვალენსიას სისტემაში გაატარა, შემდეგ კი ბელგიაში, ადგილობრივ ლიგაში. 206 სანტიმენტრიან შენგელიას თამაში ერთდროულად ორ პოზიციაზე - მძიმე და მსუბუქ ფორვარდად შეუძლია.

1. შენგელია მძიმე ფორვარდის პოზიციაზე

2. შენგელია მსუბუქი ფორვარდის პოზიციაზე

ფაქტი, რომ თორნიკეს სრულყოფილად შეუძლია თამაში ორ პოზიციაზე მის მიმართ საკალათბურთო ბაზარზე მოთხოვნას კიდევ უფრო ზრდის. თორნიკეს, მისი ათლეტურობის გათვალისწინებით მატჩის ცალკეული მონაკვეთების ცენტრად თამაშიც შეუძლია. თანამედროვე კალათბურთი უფრო და უფრო მეტ აქცენტს აკეთებს, არა სიმაღლესა და მასაზე, არამედ მობილურობასა და სისწრაფეზე, ეს კი თორნიკეს საშუალებას აძლევს მსუბუქ ხუთეულში ცალკეული მონაკვეთები ცენტრადაც ითამაშოს.

3. შენგელია ცენტრის პოზიციაზე

პირველი ამერიკული გამოცდილება

2012 წელს 21 წლის შენგელია დრაფტის მეორე ეტაპზე, 54 ნომრად ფილადელფია სიქსერსმა აირჩია. ტრეიდის შედეგად თორნიკე ბრუკლინ ნეთსში აღმოჩნდა.  პირველი ამერიკული გამოცდილება თორნიკესთვის წარმატებული მხოლოდ ნაწილობრივ იყო. ბრუკლინთან ერთად შენგელიამ ორ სეზონში მხოლოდ 35 თამაში ჩაატარა, რასაც ამერიკული გამოცდილების დასასრულს ჩიკაგოში ნათამაშები 8 თამაშიც მოჰყვა.

არცთუ ისე წარმატებული სტატისტიკის მთავარი მიზეზი ის არის, რომ 21 წლის შენგელია NBA-ში „არასწორ“ გუნდში მოხვდა. ევროპიდან წასული, და, ზოგადად, დრაფტზე არჩეული მოთამაშეებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ იმ გუნდში მოხვდნენ, რომელიც მათ განვითარების საშუალებას და დროს მიცემს.  NBA-ს აბსოლუტურად განსხვავებული სპეციფიკა აქვს და ამერიკულ თამაშზე მოსარგებად ახალწვეულებს დრო და კარგი მენეჯმენტი სჭირდებათ. მაგალითად, შემთხვევითი არ არის, რომ თავისი სწორი მენეჯმენტით განთქმულ სან ანტონიო სპურსში ევროპელი ახალწვეულები კარგად იხსნებიან და თავისი შესაძლებლობების რეალიზებას მაქსიმალურად ახერხებენ. შორს რომ არ წავიდეთ,  წლების მანძილზე სპურსის უმთავრეს ვარსკვლავთა შორის იყვნენ ფრანგი პარკერი და არგენტინელი ჯინობილი.

შენგელია ამ მხრივ მეორე უკიდურესობაში მოხვდა. იგი ბრუკლინ ნეთსში აღმოჩნდა, რუსი მილიარდელის მიხეილ პროხოროვის გუნდში, რომელიც მთელ საკალათბურთო ლიგაში ცნობილია თავისი ცუდი მენეჯმენტით, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდა მოთამაშეთა მიმართ უყურადღებო დამოკიდებულებით.

ზუსტი  სროლების 51 % იმას ნიშნავს, რომ ცუდ სროლებს თავს არიდებდა

პროხოროვმა წლების მანძილზე თავისი გუნდის აქტივები - დრაფტის პიკები, ახალგაზრდა მოთამაშეების არჩევის საშუალება,  უფრო გამოცდილ მოთამაშეები გაცვალა. მას სურდა, რომ სწრაფი გამარჯვებისთვის მიეღწია.  NBA-ს  ბოლო წლების ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეულად ცუდი ტრეიდიც, სწორედ  ბრუკლინ ნეთსს ეკუთვნის. შენგელიას ბრუკლინში თამაშის პერიოდში, 2013 წელს ნეთსმა შემდეგი წლის დრაფტის პიკები ვეტერან პოლ პირსსა და კევინ გარნეტში გაცვალა. გუნდში ირიცხებოდნენ ასევე ვეტერანები - დერონ უილიამსი და ჯო ჯონსონი. ბრუკლინის გათვლა მარტივი იყო - მათ სურდათ იმავე წელს მოეგოთ ჩემპიონატი. ამ ავანტიურისტული წამოწყებიდან არაფერი გამოვიდა - ბრუკლინი პლეი ოფში ადვილად გამოვარდა.  ხოლო, თუ  როგორ თამაშობს ტრეიდის შედეგად გაახალგაზრდავებული ბოსტონი და სად არის ბრუკლინი, ამის შესახებ NBA-ს ცხრილი გვეუბნება.

შენგელია სწორედ ამ გარემოში მოხვდა. პირველ სეზონში მის პოზიციაზე ვეტარანი ჯერალდ უოლასი თამაშობდა, მეორე წელს კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, პოლ პირსი. ამ პირობებში ბრუკლინში არავინ ფიქრობდა, რომ შენგელიასა და სხვა ახალგაზრდა ახალწვეულთათვის სათამაშო დრო მიეცათ და მათი ლიგაში ინტეგრაციისთვის ხელი შეეწყოთ. ამასთან ერთად გასათვალისწინებელია გუნდის სათამაშო სტილი. ვეტარანი მოთამაშეებით (დერონ უილიამსი, ჯო ჯონსონი, პოლ პირის, კევინ გარნეტი) დაკომპლექტებული ბრუკლინი ლიგის ერთ-ერთი ყველაზე ნელი გუნდი იყო. ეს კი არცთუ ისე კარგად ერგებოდა თორნიკეს სათამაშო სტილს, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, მობილურობასა და სისწრაფეზეა დაფუძნებული.

შესაბამისად, შენგელიას პირველი ამერიკული თავგადასავლის წარუმატებელი დასასული, სრულიად ლოგიკური იყო. 

პროგრესირების უნარი

შენგელიას უმთავრეს თვისებათაგან გამოიყოფა მისი მუდმივად პროგრესირების უნარი. სწორედ ეს გვაძლევს საშუალებას, ვიფიქროთ, რომ მისი მეორე თავგადასავალი NBA-ში წარმატებული იქნება. წლიდან წლამდე იგი მუდმივად პროგრესირებს და ამაში  სტატისტიკაც გვარწმუნებს.

თორნიკეს ციფრები ევროლიგაში

ევროპულ კალათბურთში არცთუ ისე ღრმად ჩახედილი გულშემატკივარისთვის, ერთი შეხედვით, არცთუ ისე მაღალი შედეგიანობა, არაფერს ნიშნავს. თორნიკეს ეს მონაცემი (13.7 ქულა) მხოლოდ 25 წუთიან სათამაშო მონაკვეთში აქვს და შედარებით დაბალი შედეგიანობის მქონე ევროპულ კალათბურთში შენგელიას ეს მაჩვენებელი საკმაოდ ურიგოდ გამოყურება.

ევროპულ ბასკეტში ძირითადი  შემტევი ოპცია გარდები არიან. ლიგის ხუთი საუკეთესო ჩამყრელიდან ხუთივე გარდია და მხოლოდ ერთს, ალექსი შვედს აქვს თამაშში 20 ქულაზე მეტი. ისიც გასათვალისწინებელია, რომ მისი გუნდის, ხიმკის, თამაში მთლიანად შვედზეა აწყობილი და მას ძალიან ბევრი სროლა აქვს. ხუთეულის სხვა მოთამაშეები კი თამაშში 15 ქულაზე ცოტა მეტს ყრიან, მაშინ, როცა შენგელიაზე მეტი სათამაშო დრო აქვთ. მაგალითისთვის, ევროლიგის ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავი და მომავალი დრაფტის პოტენციური პირველი პიკი ლუკა დონჩიჩი რეგულარულ სეზონში თამაშში 16.89 ქულას ყრიდა.

ამ მაჩვენებლით შენგელია წლევანდელი სეზონის საუკეთესო ჩამყრელი ფორვარდია. მის შემდეგ ფენერახჩეს იან ვესელი და ოლიმპიაკოსის გიორგოს პრინტეზისი მოდიან - თამაშში 12.91 და 12.04 ქულით.

ეს მაჩვენებელი გამონაკლისად არ უნდა მივიჩნიოთ. იგივე ტენდენცია გვაქვს,  შარშანდელ ევროპის ჩემპიონატზე. სადაც საშუალოდ თამაშში ჩაყრილი ქულების რაოდენობის მიხედვით, თორნიკე მთელს ტურნირზე მერვე იყო და მასზე მეტს მხოლოდ ერთი „დიდი“ ყრიდა - ნიუ იორკ ნიქსის ამომავალი ვარსკვალი კრისტოპ პორზინგისი (თამაშში საშუალოდ - 23.6 ქულა).

თორნიკეს ციფრები ევრობასკეტზე

საჭირო მომენტში თამაშის აღების უნარი

NBA-ში თორნიკეს აუცილებლად დასჭირდება სროლების კარგი სელექციის უნარი. მაშინ, როდესაც თორნიკე ძირითადი შემტევი ოპცია არ იქნება, გადამწყვეტი თვისებაა, რომ კარგად შეარჩიოს თავისი სროლა და საჭირო მომენტებში აიღოს თამაში თავის თავზე. ამ თვისებით თორნიკე საქართველოს ნაკრებში ყოველთვის გამოირჩეოდა. ნაკრებს რამდენიმე ლიდერი ჰყავს და თორნიკე ყოველთვის ახერხებს, რომ თუკი რომელიმე სხვა მოთამაშეს სროლა მისდის, შედარებით ჩრდილში გადავიდეს, საჭირო მომენტებში კი თამაში თავის თავზე აიღოს. ასე იყო,  იყო ევროპის ჩემპიონატზე ლიტვის ნაკრებთან შეხვედრაში. ასევე მოხდა ევროპის ჩემპიონატის წინ, აკროპოლისის თასზე, როდესაც თორნიკე საბერძნეთისა და სერბეთის ნაკრებ გუნდებთან ორჯერ ულიდერა ჩამორჩენაში მყოფ ნაკრებს და გადამწყვეტი სროლები აიღო თავის თავზე.

რა უნდა გამოასწოროს

NBA-ში დასაბრუნებლად შენგელიას აუცილებლად მოუწევს თავის სამქულიანზე მუშაობა. ბოლო სამი წლის მანძილზე ევროლიგაში თორნიკეს არცერთ სეზონში არ ჰქონდა, თამაშში საშუალოდ ორი ნასროლი სამქულიანიც კი. გასაუმჯობესებელია სროლების პროცენტიც.

უფრო მეტად ძალისმიერ და ათლეტურ NBA-ში თორნიკეს ევროპასთან შედარებით უფრო ხშირად მოუწევს მსუბუქ ფორვარდად თამაში. ბოლო წლებში NBA-ში თამაში საგრძნობლად შეიცვალა. წინა პლანზე მოდის სამქულიანით შეტევა - ყოველ წელს გუნდები უფრო და უფრო ხშირად უტევენ პერიმეტრიდან. თამაშის კლასიკური გაგება, რომლის მიხედვითაც დიდი მოთამაშეები (ცენტრები, მძიმე ფორვარდები) სამიანებს არ ისვრიან წარსულს ჩაბარდა. მძიმე ფორვარდები და ხშირად ცენტრებიც კი თანამედროვე NBA-ში სამქულიანებს ისვრიან. ამ ვითარებაში თორნიკეს პერიმეტრიდან შეტევის გაუმჯობესება მოეთხოვება. მით უმეტეს, რომ NBA-ში ტრანსფერის შემთხვევაში იგი მაღალი ალბათობით თავისი გუნდის შეტევის ძირითადი ოპცია არ იქნება.

თანამედროვე ტენდენციის მიხედვით, მას აუცილებლად მოეთხოვება პერიმეტრზე გამოსვლა და ძირითადი შემტევებისთვის სივრცის შექმნა. პერიმეტრზე დგომის შემთხვევაში კი იგი მოწინააღმდეგე დაცვის ყურადღების ცენტრში მხოლოდ მაშინ მოხვდება, თუ თავისი სამიანების დაახლოებით 35%-ზე მეტს ჩაყრის.

თორნიკე კარიერის პიკს უახლოვდება. მან საკმარისი გამოცდილება მოაგროვა - ითამაშა  NBA-ში, საერთაშორისო ტურნირებში და ევროლიგაში. მთელი თავისი კარიერის მანძილზე მას პროგრესი არასოდეს შეუწყვეტია. ეს საშუალებას გვაძლევს, ვიფიქროთ, რომ თუკი იგი გაამჯობესებს დისტანციიდან სროლის პროცენტს, მას ყველაფერი აქვს, მსოფლიოს უძლიერეს საკალთბურთო ლიგაში დასაბრუნებლად. თავადაც ამის დიდი სურვილი აქვს და დაზუსტებით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ 2012 წლისგან განსხვავებით NBA-ში ბევრად უფრო უკეთესი  მოთამაშე დაბრუნდება. 6 წელიწადში თორნიკე შენგელია პერსპექტიული ახალგაზრდიდან ევროლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ იქცა.

კომენტარები

ბოლო ამბები