Thumbnail

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მიმდინარე ევროპის 2021 წლის ძიუდოს ჩემპიონატის პირველ საჭიდაო დღეს ტატამზე 5 ქართველი ძიუდოისტი გავიდა, საიდანაც 4 უმედლოდ დარჩა: ტატიანა ლევიცკა-შუკვანი, მარიამ ჯანაშვილი, თემურ ნოზაძე და ეთერ ლიპარტელიანი. სამწუხაროდ, ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა კოსოვოელ ნორა ჯაკოვასთან დათმო.


ვაჟა მარგველაშვილი ვერცხლის მედალს დაეუფლა. მან ფინალი იტალიელ მანუელ ლომბარდოსთან დათმო. ვაჟამ დილის სესიაში ესპანელ ადრიან ნიეტო ჩინაროსთან ვაზარი გაუშვა, თუმცა, იპონის განხორციელება მოახერხა. ქართველს საკმაოდ გაუჭირდა მეოთხედფინალშიც, სადაც ბელარუს დმიტრი მინკუსთან დამატებითი დრო დასჭირდა, მაგრამ ისიც იპონზე დასცა.

მარგველაშვილი ნახევარფინალში სერბ სტრანია ბუნჩიჩს გაეჯიბრა და მართალია პირველი შიდო თავად მიიღო, შემდეგ, აშკარა უპირატესობას ფლობდა და მეტოქეს 2 ვაზარი აართვა.


მეორე საჭიდაო დღეს ტატამზე მხოლოდ ორი ქართველი ძიუდოისტი გავა: ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) და მარიამ ჭანტურია (70კგ). მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე ყველაზე მეტი ქართველი იასპარეზებს და ოქროს მედლის იმედიც უფრო მეტად უნდა გვქონდეს, რადგანაც ბოლო დღეს ბექა ღვინიაშვილი, ლაშა ბექაური, ილია სულამანიძე, ვარლამ ლიპარტელიანი, გურამ თუშიშვილი, ლევან მატიაშვილი და სოფიო სომხიშვილი იასპარეზებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები