Thumbnail

ფუტსალის ლიგა: რეპეტიციები პლეი ოფის წინ

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ბათუმი 5:4 თბილისი
  • ტატიშვილი 2:1 თელასი
  • კოლხი 6:1 აგორა

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგის მე-18 ტურის შეხვედრები გაიმართა. 

სასტარტო დაპირისპირებაში ერთმანეთს პლეი ოფს მიღმა დარჩენილი გუნდები: თბილისი და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი შეხვდნენ. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე შეხვედრა ბათუმელთა გამარჯვებით დასრულდა, 5:4.

ტრადიციულად დაძაბული და საინტერესო გამოდგა ტატიშვილის და თელასის დაპირისპირება. ანგარიში ტატიშვილმა მე-8 წუთზე გახსნა, თავი მალხაზ მირცხულავამ გამოიჩინა. 7 წუთში თელასის ეფექტური კომბინაცია ავთანდილ ასათიანმა დააგვირგვინა და ანგარიში გათანაბრდა.

გადამწყვეტი გოლი მეორე ნახევარში გავიდა, მირცხულავამ დუბლი შეასრულა და ტატიშვილმა 2:1 მოუგო პრინციპულ მეტოქეს.

მატჩის შემდეგ, ტატიშვილის მწვრთნელმა ალექსანდრე ძაბირიძემ შემდეგი კომენტარი გააკეთა:

“თელასი ძალიან ძლიერი გუნდია  დღეს, ყველა ფეხბურთელს ვთხოვე ბოლომდე  დახარჯულიყვნენ. ჩემი აზრით, ეს არის რეპეტიციები პლეი-ოფების წინ. სულ მალე ოთხთა ფინალი დაიწყება, რომელსაც მზად უნდა შევხვდეთ”

მოულოდნელი შედეგით დასრულდა კიდევ ერთი პრინციპული დაპირისპირება. კოლხი-გულრიფშმა 6:1 დაამარცხა აგორა. გამარჯვებული გუნდიდან ორ-ორი გოლი ამირან ცხომარიამ და რაჰმან სარანმა გაიტანეს.

აბდულრაჰმან სარანი (კოლხი):

“დღევანდელი შეხვედრისთვის მთელი დატვირთვით ვემზადებოდით როგორც ფიზიკურად, ისე ტაქტიკურად. მოხარული ვარ, რომ სასურველ შედეგს მივაღწიეთ და გავიმარჯვეთ. რაც შეეხება ფუტსალის ლიგას, ვთვლიდი რომ დაბალი დონე იყო, თუმცა რაც აქ ვთამაშობ, მივხვდი რომ არც ისეთი მარტივია საქართველოში თამაში”.

ტურის კიდევ ერთ შეხვედრაში აფხაზეთი და მართვე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. აფხაზეთიოს მწვრთნელის უდისციპლინო საქციელის გამო, მატჩი 31-ე წუთზე შეწყდა. ინციდენტის შესახებ 8 მაისს დაგეგმილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომა იმსჯელებს.

სატურნირო ცხრილს 43 ქულით ტატიშვილი ლიდერობს, ორი ქულით ნაკლები აქვს მეორე ადგილზე მყოფ კოლხის, მესამე ადგილზე 38 ქულით აგორაა, მეოთხეზე მყოფ თელასს კი 37 ქულა აქვს

კომენტარები

ბოლო ამბები