Thumbnail
  • მანჩესტერის ნახევარმცველმა ამჟამინდელ და ყოფილ მწვრთნელებზე ისაუბრა
  • 28 წლის ფეხბურთელს პორტუგალიელთან არცთუ კარგი ურთიერთობა ჰქონდა

მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველმა პოლ პოგბამ გუნდის ამჟამინდელი და ყოფილი მთავარი მწვთნელები, ოლე გუნარ სულშერი და ჟოზე მოურინიო ერთმანეთს შეადარა. 28 წლის ფრანგი ფეხბურთელი მოურინიოსთან ურთიერთობის გაფუჭების მიზეზს აქამდე ვერ ხსნის.

პორტუგალიელი სპეციალისტი მანჩესტერ იუნაიტედს 2016-18 წლებში წვრთნიდა, მისი გათავისუფლების შემდეგ კი გუნდი სწორედ ნორვეგიელმა ჩაიბარა. 

"ჩემი ურთიერთობა ოლესთან განსხვავებულია იმისგან, რაც მოურინიოსთან მქონდა. ოლე არასდროს წავა თავისი ფეხბურთელების წინააღმდეგ. შესაძლოა, ზოგიერთ ფეხბურთელს შემადგენლობაში არ აყენებს, მაგრამ ოლე არასდროს იქცევა ისე, თითქოს ისინი არ არსებობენ. ამაშია განხვავება მას და მოურინიოს შორის. 

ოდესღაც მოურინიოსთან ბრწყინვალე ურთიერთობა მქონდა და ამას ყველა ხედავდა, მაგრამ შემდეგ რაღაც მოხდა. უცნაურია, მაგრამ ვერ ავხსნი, რა მოხდა, რადგან მიზეზი თავადაც არ ვიცი. 

ჟოზეს და პოლს ბოლოს არცთუ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ

შესაძლოა, სულშერის სამწვრთნელო მეთოდები მუშაობს იმის გამო, რომ ის ადამიანებთან ახლოსაა. ყველა მწვრთნელს მუშაობის საკუთარი მეთოდი, მოთამაშეებთან ურთიერთობის თავისებური ფორმა აქვს და თითოეული ფეხბურთელი ვალდებულია, მას მოერგოს, მაგრამ ზოგჯერ ისე ხდება, რომ ვერ ეწყობი.
 
ოლე ძალიან დაეხმარა ლუკ შოუს, რომელსაც მძიმე სეზონი ჰქონდა მოურინიოსთან. მან დაამტკიცა, რა შეუძლია და რომ მწვრთნელის ნდობას იმსახურებს", - თქვა პოგბამ. 

პოლ პოგბა მანჩესტერ იუნაიტედის ღირსებას, სადაც 2011-12 წლებშიც გამოდიოდა, 2016 წლიდან მოყოლებული იცავს. ფრანგმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონის 34 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი მიითვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები