Thumbnail

ლეონიდ სლუცკი: ჯარიმები დავაწესე და მინდორზე კვარაცხელიაც კი აღარ გორაობს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ყაზანის რუბინის რუსმა მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ, რომელსაც უცხოეთში, კერძოდ კი, ინგლისურ ჰალსა და ნიდერლანდურ ვიტესში მუშაობის გამოცდილებაც აქვს, იმის შესახებ მოჰყვა, საზღვარგარეთული კლუბებიდან რუსულში რის დანერგვას ეცადა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მან გუნდის ქართველი ლიდერის ხვიჩა კვარაცხელიას გვარიც ახსენა:

“ინგლისური გამოცდილებიდან ერთი რამ განსაკუთრებით მომეწონა. ჯარიმა დავუწესე იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ვარჯიშისას ზედმეტს გორაობდნენ და მუდმივად ექიმს ითხოვდნენ. თუკი მოთამაშე სამედიცინო დახმარების მიღების მერე თამაშის მაშინვე გაგრძელებას პრობლემის გარეშე ახერხებდა, ჩათვალეთ, ის ავტომატურად დასჯილი გახლდათ. ხომ შეიძლება მუდმივად არ წუწუნებდე, განცდებს არ გამოხატავდე და კაცურად ივარჯიშო. ჩვენც ხომ ისეთივე ადამიანები ვართ, როგორც – ინგლისელები. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ეფექტური მეთოდი გამოდგა და მინდორზე აღარავინ გორაობს, თვით კვარაცხელიაც კი”.

მოგეხსენებათ, ხვიჩა რუბინის ყველაზე აქტიური ფეხბურთელია, დრიბლინგზე ხშირად მიდის, წესების დარღვევით ბევრჯერ აჩერებენ და ექიმების დახმარებაც ხშირად სჭირდება ხოლმე. როგორც სჩანს, ყაზანელთა თავკაცის ირონიული გამოხმაურება სწორედ ამის შედეგი იყო. რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას ანგარიშზე 4 გოლი და 8 საგოლე პასია (მოპოვებული პენალტების ჩათვლით), 20 წლის ქართველი ტალანტის სატრანსფერო ფასი საგრძნობლად გაიზარდა და მას უკვე არაერთ ევროპულ გრანდს უკავშირებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები