Thumbnail

საქართველოს ნაკრების ფორვარდ გიორგი მიქაუტაძეს ბელგიის პროქსიმუს ლიგის ბომბარდირობის შესანიშნავი შანსი აქვს. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მისი კონკურენტის, დანტე ვანზეირის თამაში სეზონის ბოლომდე გამოირიცხა.

ბელგიის რანგით მე-2 დივიზიონში ორი ტური რჩება და თითქმის ყველაფერი გადაწყვეტილია - როიალ სენტ ჟილუა 66 ქულით ლიდერობს და მომდევნო სეზონს ჟუპილერ ლიგაში გაატარებს. მიქაუტაძის სერენი 48 ქულით მე-2 ადგილზეა. ამ გუნდმა პლეი ოფში თამაში გაინაღდა - ელიტაში გადასასვლელად ორმატჩიან დუელში უნდა დაამარცხოს ჟუპილერ ლიგაში მე-17 ადგილზე გასული გუნდი.

ასე რომ, ჩემპიონატის მთავარი ინტრიგა იყო, თუ ვინ გახდებოდა ბომბარდირი - 20 წლის გიორგი მიქაუტაძე თუ 22 წლის დანტე ვანზეირი (სტ ჟილუა), ბელგიის ახალგაზრდული ნაკრების წევრი. ორივეს 19-19 გოლი აქვს გატანილი. 

გიორგი მიქაუტაძემ 1 722 წუთში 19 გოლი გაიტანა - გოლი ყოველ 90.6 წუთში

დანტემ სანაკრებო პაუზისას ლუვიანთან ამხანაგურ მატჩში ტრავმა მიიღო. კლუბმა გამოაცხადა, რომ ის ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს. ვანზეირი, რომელიც ახლა ჩაკვეტაძის გენტის ინტერესის სფეროშია, ახალი სეზონისთვის მოემზადება. 

მიქაუტაძეს, სულ მცირე გარანტირებული აქვს, რომ ვანზეირი ვეღარ გაუსწრებს. დარჩენილ ორ ტურში მან გოლიც რომ გაიტანოს, ერთპიროვნული ბომბარდირი ხდება. სხვათა შორის, გიორგიმ 19 გოლი 20 თამაშში გაიტანა (დისკვალიფიკაციისა და ტრავმის გამო გაუცდა), ხოლო ვანზეირმა - 24 მატჩში. 

ბომბარდირობისთვის ბრძოლაში ვანზეირის გუნდელს, გერმანელ ფორვარდ დენიზ უნდავს შეუძლია ჩარევა, რომელსაც 16 გოლი აქვს და ქართველს 3 გოლით ჩამორჩება. 

17 აპრილს სერენი ჩემპიონატის ბოლოსწინა მატჩში ლიერსს მასპინძლობს. თამაშის წინ ოფიციალურად დააჯილდოვებენ, კლუბში სეზონის საუკეთესო მოთამაშეს, რომლის ვინაობაც ჯერ არ დაუსახელებიათ, თუმცა 99%-ით გამარჯვებული მიქაუტაძეა.

როგორც პაულეტა

სხვათა შორის, ფრანგულმა მედიამ გიორგის ბოლო გოლი დეინზეს კარში პედრო პაულეტას გოლს შეადარა, რომელიც პორტუგალიელმა პსჟ-ს მაისურით მარსელს გაუტანა 2004 წელს. ეს გოლი ფრანგულ ფეხბურთში საუკეთესო გოლთა შორის ითვლება. შარშან Les Parisien-მა პაულეტას გოლი პსჟ-ს ისტორიაში საუკეთესო გოლად დაასახელა. 

📺 მიქაუტაძის გოლი დეინზეს კარში

📺 ViàMoselle TV-ის სიუჟეტი მიქაუტაძის გოლზე

შეგახსენებთ, რომ გიორგი (ჟორჟ) მიქაუტაძე საფრანგეთში დაბადებული და გაზრდილია, ის ლიონის აკადემიაში თამაშობდა და ახლა ლიგა 1-ის მეცს ეკუთვნის. სერენში მიქაუტაძე იჯარით თამაშობს. ახალი სეზონიდან მეცი მას დიდი ალბათობით, დაიბრუნებს, თუმცა არც იჯარის გაგრძელებაა გამორიცხული - სერენში (თუ გუნდი ელიტაში გადავა) ან ანდერლეხტში. მიქაუტაძის დებიუტი ვილი სანიოლის გუნდში შვედეთთან მატჩში შედგა, მან ბოლო წუთები ითამაშა და მცირე ტრავმა მიიღო. "ტრანსფერმარკტი" მას 1.2 მილიონ ევროდ აფასებს. თებერვალში მან საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. 

უცნაური პლეი ოფი

ერთი უცნაური ფაქტი, რომელიც სერენის მომავალ პლეი ოფს ეხება, რომელიც მაისის დასაწყისში უნდა გაიმართოს: ჟუპილერ ლიგაში მე-17 ადგილზე ამჟამად მუსკრონი იმყოფება. ტურით ადრე მუსკრონი პოზიციას ვერ გაიუმჯობესებს, გუშინ კი გახდა ცნობილი, რომ მას ელიტაში საასპარეზოდ ლიცენზია არ გაუგრძელდა. ერთადერთი არის შანსი, რომ მუსკრონს ბოლოადგილოსანმა ბევერენმა (28 ქულა) გადაასწროს. 

ბელგიის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, თუ მუსკონი მაინც დარჩება მე-17 ადგილზე, პლეი ოფს აუცილებლად ითამაშებს, იმის მიუხედავად, რომ ელიტაში დარჩენას ვერ შეძლებს. ცუდი ისაა, რომ სერენს მაინც გამარჯვება სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბელგიის უმაღლესი დივიზიონი 17 გუნდით გაიმართება და სერენს მაინც არ დააწინაურებენ, თუ ფედერაცია წესებში ცვლილებას არ შეიტანს.  

კომენტარები

ბოლო ამბები