Thumbnail

'ეს საშინელება იყო' - ოლ სტარის 7-გზის მონაწილემ კარიერა დაასრულა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ლამარკუს ოლდრიჯისთვის ბოლო 10 აპრილს ჩატარებული მატჩი გამოდგა
  • მან NBA-ში 2006 წელს შეაბიჯა, კარიერაში კი საშუალოდ 19.4 ქულა ჰქონდა

ბრუკლინ ნეტსის ვეტერანმა მძიმე ფორვარდმა ლამარკუს ოლდრიჯმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ამ მოულოდნელ ინფორმაციას ცნობილი ინსაიდერი შემს ჩარანია ავრცელებს.

ამგვარად, 35 წლის კალათბურთელისთვის NBA-ში ბოლო 10 აპრილს ლოს ანჯელეს ლეიკერსთან გამართული შეხვედრა (101:125) აღმოჩნდა. როგორც მისი განცხადებიდან ირკვევა, მან პროფესიული კარიერის დასრულება გულის არითმიის გამო გადაწყვიტა.

“ახლა, თავს უკეთ ვგრძნობ, თუმცა, ის, რასაც ლეიკერსთან მთელი მატჩის განმავლობაში ვგრძნობდი, ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მოგონებაა. საშინელება იყო”, - დაწერა მან სოციალურ ქსელში.

ლამარკუს ოლდრიჯმა კარიერა ჯერ კიდევ 2006 წელს დაიწყო, როდესაც დრაფტზე მე-2 ნომრად აირჩიეს. 2015 წლამდე ის პორტლენდის ღირსებას იცავდა, 2015-2021 წლებში კი სან ანტონიოში თამაშობდა. წლეულს, გაზაფხულზე მისი და სპერსის გზები გაიყარა და ლამარკუსმა კონტრაქტი ნეტსთან გააფორმა, თუმცა, ბრუკლინელთა მაისურით მხოლოდ 5 მატჩის ჩატარება მოასწრო.

ცნობისთვის, ოლდრიჯი NBA-ს “ყველა ვარსკვლავთა მატჩის” 7-გზის (2012-16, 2018, 2019) მონაწილეა. 2-ჯერ (2015, 2018) ლიგის რეგულარული სეზონის მე-2 ხიმბოლურ ხუთეულში მოხვდა, 3-ჯერ (2011, 2014, 2016) კი – მე-3 ხუთეულში. 15 სეზონის განმავლობაში ოლდრიჯს დაახლოებით 211 მილიონი დოლარი აქვს გამომუშავებული, მისი საშუალო მაჩვენებლები კი ასე გამოიყურება: 34.2 წუთი, 19.4 ქულა, 8.2 მოხსნა, 2.0 პასი, 1.1 დაფარება. ლამარკუსი თამაშიდან ის 49.1%-იანი მაჩვენებლით ესროდა.

კომენტარები

ბოლო ამბები