Thumbnail

სენსაცია მონტე კარლოში - ნოვაკ ჯოკოვიჩმა 2021 წელს პირველად წააგო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ნოვაკ ჯოკოვიჩი 4:6, 5:7 დენ ევანსი
  • ბრიტანელმა ჩოგბურთელმა მისთვის ისტორიული გამარჯვება იზეიმა

მსოფლიო რეიტინგის პირველმა ნომერმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა სენსაციური მარცხი განიცადა მონტე კარლოს მასტერსის მერვედფინალში, სადაც მისი მეტოქე დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი დენ ევანსი გახლდათ. ეს უკანასკნელი, რომელიც კლასიფიკაციაში 33-ეა, სერბ ვარსკვლავს კარიერაში პირველად დაუპირისპირდა და 6:4, 7:5 იმარჯვა.

საინტერესოა, რომ პირველ სეტში ნოლემ ორბრეიკიანი უპირატესობა აღმოფხვრა, თუმცა, მაინც წააგო, მეორეში კი უკვე თავად დაწინაურდა 3:0, 5:4-ზე სეტ-პოინტიც ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა და აუტსაიდერად მიჩნეულ ბრიტანელთან ორ სეტში დამარცხდა. საინტერესოა, რომ წლეულს, ერთეულთა თანრიგში, ეს, ჯოკოვიჩის პირველი წაგება იყო. ცნობისთვის, ნოვაკმა მასტერსის რანგის ტურნირებზე მეოთხედფიანალზე ადრე, 2019 წლის შემდეგ პირველად წააგო. მაშინ მას მაიამის ტურნირის მე-4 წრეში აჯობეს.

ნოვაკ ჯოკოვიჩს ცუდი დღე ჰქონდა

ევანსისთვის ეს მე-4 მოგებული შეხვედრაა ტოპ-ათეულის წარმომადგენლებთან (14 მარცხის ფონზე), საუკეთესო ხუთეულში მყოფ ჩოგბურთელს კი პირველად აჯობა. მონტე-კარლოში ჩასვლამდე, ევანსს გრუნტის ტურნირების ძირითად ბადეში ზედიზედ 4 წელი (!) ვერ მოეგო, საერთოდ, ATP-ს ეგიდით, გრუნტზე მხოლოდ 4 გამარჯვება ჰქონდა, მონაკოში კი უკვე 3 მოგება მიითვალა და მეოთხედფინალში ბელგიელ დავიდ გოფინს გაეჯიბრება. ჯოკოვიჩთან ტრიუმფის შემდეგ, ბრიტანელს ემოციები არ დაუმალავს:

“არ მჯეროდა, როდესაც ბოლო დარტყმის შემდეგ ბურთი ბადეს გადასცდა. ეს მოგება ძალიან რთულად მოვიდა. მართალია გითხრათ, აქაური ასპარეზობით დღევანდელ მატჩამდეც კმაყოფილი ვიყავი, თუმცა, ცხადია, ნოვაკთან შეხვედრაში თავდაჯერებული ვერ ვიქნებოდი. ძალიან გახარებული ვარ, მითუმეტეს, რომ მოწოდება პირველ სეტშიც არაერთხელ დავკარგე და მეორეშიც გამიჭირდა. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ საკუთარი წარმატების ყოველთვის უნდა გჯეროდეს. მატჩზე მოწოდების წინ რა აღარ ვიფიქრე. ისეთი მოგება იყო, შვილებსა და შვილიშვილებს მოვუყვები”.

კომენტარები

ბოლო ამბები