Thumbnail
  • ზიდანის მეორედ მისვლა რეალში კიდევ უფრო შთამბეჭდავია
  • "სამეფო კლუბი" ტაქტიკურად ძალიან მრავალფეროვანია
  • გუნდი მოთამაშეებზე მეტად, მწვრთნელზეა დამოკიდებული
  • ზიზუს სამწვრთნელო ფილოსოფიაზე გადაწყვეტი გავლენა იტალიას ჰქონდა

რეალში მისი პირველი მისვლის პერიოდში, თუნდაც სამი მოგებული ჩემპიონთა ლიგის შემდეგ, ზინედინ ზიდანს უფრო მეტად იმ კაცად აღიქვამდნენ, რომელიც მოთამაშეებს თვითგამოხატვის საშუალებას აძლევს, ვიდრე ტაქტიკურ თუ სტრატეგიულ გენიად.

ამაში იყო ლოგიკა: ფრანგმა ჩემპიონი, ძალიან ვარსკვლავური და გამოცდილი გუნდი ჩაიბარა და თითქოს, ბევრი რამ არც შემადგენლობაში და არც ტაქტიკაში, არ შეუცვლია, ისე მიაღწია წარმატებას.

მაგრამ მისი მეორე მისვლა რეალში?! ბოლო 2 სეზონის განმავლობაში არცერთ მწვრთნელს (გვარდიოლას და კლოპის ჩათვლით) არ გაუწევია ისეთი მასშტაბური და მრავალფეროვანი ტაქტიკური სამუშაო, როგორც ეს ზიდანმა რეალში მოახერხა. არავის მიუღწევია ამდენისთვის ასე ცოტა რესურსებით. მისი მეორე მადრიდული თავგადასავალი ზიდანის, როგორც მწვრთნელის შესახებ, უფრო მეტ ინფორმაციას გვაძლევს. სულ რაღაც ერთკვირიან მონაკვეთში რეალმა ლივერპული და ბარსელონა დაამარცხა და თანაც ისე, რომ მთავარი ვარსკვლავი და ამ გამარჯვების მთავარი შემოქმედი სწორედ ზიდანი გახლდათ.

გრანდი სუსტი შემადგენლობით

როცა ზიდანის მადრიდში დაბრუნების შესახებ პირველად გავიგე, მახსოვს, ძალიან გამიკვირდა და გული დამწყდა კიდეც - დარწმუნებული ვიყავი, რომ რეალში მისი დაბრუნება შეცდომა იყო და ეს მის სამწვრთნელო კარიერას შეიწირავდა.

რეალი რომ მწვრთნელებისთვის რთული სამუშაოა, ეს ამბავი არახალია და ამაზე აღარ დავკონკრეტდები. ამ რთულ კლუბში ზიდანს დაშლილი გუნდი ელოდებოდა: ბევრი ვეტერანი, კრიშტიანოს წასვლა, ახალგაზრდები, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს, ფინანსური კრიზისი და არშემდგარი ტრანსფერები - ეს ზიდანის ახალი სამუშაო მოცემულობა იყო.

რეალი შარშანდელ ლა ლიგას ზეიმობს

კრიშტიანოს წასვლის შემდეგ, რეალს დიდი ვარსკვლავი არ უყიდია: ედენ აზარმა ვერ ითამაშა და ზიდანს ისევ ძველ შემადგენლობასთან მოუწია მუშაობა. ამ სეზონში მას კიდევ უფრო მეტი სირთულე შეხვდა: სერხიო რამოსის, ლუკა მოდრიჩის და ლუკას ვასკესის კონტრაქტები ამ ზაფხულს იწურებოდა და მათთან მოუგვარებელი ურთიერთობა გუნდის სიტუაციას კიდევ უფრო რევდა. ნაჩო და რაფა ვარანი ასევე წასვლის სურვილს გამოხატავენ და ახალ კონტრატზე უარს ამბობენ, ფლორენტინო ახალ სტადიონს აშენებს და ტრანსფერებისთვის ფულს უფრთხილდება.

ამას დაემატა გუნდის ლიდერების ტრავმები, მათ შორის ტრავმირებულთა შორის აღმოჩნდნენ შეუცვლელი ბენზემა და რამოსი. მოკლედ, ამ გუნდს ‘ყველაფერი ჰქონდა’ იმისთვის, რომ ეს სეზონი კრახით დაესრულებინა. თუმცა რეალი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია, ქულა-ქულაში იბრძვის ჩემპიონობისთვის და წინა წელს ლა ლიგა უკვე მოიგო. ამ მოცემულობაში ეს ზიდანის კიდევ უფრო შთამბეჭდავი სამწვრთნელო მიღწევაა, ვიდრე სამი ჩემპიონთა ლიგა რეალში პირველი მისვლისას.

იტალიური სტილი

პირველად, როცა ზიდანი რეალში დაინიშნა, ყველას გვეგონა, რომ ე.წ. მოთამაშეების მწვრთნელი იქნებოდა და დაახლოებით იმ სტილშივე მართავდა გუნდს, როგორც დელ ბოსკე ‘გალაქტიკოსების’ რეალს. ფლორენტინო პერესს უბრალოდ ძალიან უყვარს რეალთან დიდი სახელების დაკავშირება და ზიზუს დანიშვნაც თითქოს ეს ამბავი იყო. პირიქით გამოვიდა.

ზიდანი ორი დიდი გუნდის - იუვენტუსის და რეალის ლეგენდაა. უფრო მეტად მისი სახელი მაინც რეალის კონტექსტში დარჩა, თუმცა მის სამწვრთნელო ხედვებზე და, ზოგადად, საფეხბურთო მსოფლმხედველობაზე უფრო დიდი გავლენა იტალიამ იქონია. მისი გუნდის თამაშს ლიპისთან და ანჩელოტისთან უფრო მეტი აქვს საერთო, ვიდრე დელ ბოსკესთან.

"ზიდანი ჩემი მოსწავლეა" - ასე უთხრა ლიპიმ ‘ლა სტამპას’ ჯერ კიდევ 2018 წელს, - "ზიდანი, დეშამი და კონტე. ზუსტად არ ვიცი, რა გავლენა მქონდა მათზე, მაგრამ ვფიქრობ, კვალი სამივეზე დავტოვე."

ლიპი და ზიდანი

სხვათა შორის, ამას დიდიე დეშამიც ადასტურებს. მისი თქმით საფრანგეთის 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონი გუნდი იტალიურ ფეხბურთთან ვალშია, რადგან ფრანგების უპირველესმა ვარსკვლავებმა (ზიდანი, დეშამი, ჯორკაეფი, ტურამი) დიდი ფეხბურთის თამაში სწორედ სერია A-ში დაიწყეს.

დეშამი: "ჩემს თაობას ყველაფერი იტალიურმა ფეხბურთმა მისცა, ყველაფერი იქ ვისწავლეთ. მუდმივ მენტალურ ზეწოლას იქ მივეჩვიეთ. მანამდე მსგავსი რამ არ გამომიცდია, გავაცნობიერე ჩემი პასუხისმგებლობები და იქ შევიძინე თვითრწმენა."

დაახლოებით ამასვე ადატურებს თავად ზიზუც, რომელიც ამბობს, რომ ხისტი მენტალობა მას ლიპის გუნდმა ასწავლა. სწორედ ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ როგორ ეღიმებოდა ლივერპულთან გუშინდელი მატჩის დროს რობერტსონზე კაზემიროს ძალიან ხისტი ვარდნის შემდეგ.

კაზემიროს ხისტ ვარდნას გაწევ-გამოწევა მოჰყვა - ზიდანს მხოლოდ ეღიმება

რეალში მისი პირველი მისვლა ორ ძირითად (და ძალიან ‘იტალიურ’) გადაწყვეტილებას უკავშირდება: კაზემიროს შეუცვლელი ადგილი ძირითადში მაშინ, როცა ბეილი, ისკო და ხამესი ხშირად სათადარიგოთა სკამზე რჩებოდნენ და იტალიიდან ფიზიკური მომზადების მწვრთნელად ანტონიო პინტუსის ჩამოყვანა. პინტუსი ვეტერანია და ის ჯამპიერო ვენტრონესთან მუშაობდა 90-იანების იუვენტუსში. ვენტრონე მოთამაშეებს ვარჯიშებზე პირდაპირი გაგებით კლავდა - მისი სამუშაო დევიზი ასე ჟღერდა: ‘მოკვდი, მაგრამ დაასრულე’.

ზიდანი: "როცა დეშამმა მითხრა იუვენტუსის ვარჯიშების შესახებ, თავიდან არ დავიჯერე. მაგრამ შემდეგ ვენტრონეს წინასასეზონო ვარჯიშების დროს ხშირად ღებინების პირას ვიყავი დაღლილობისგან".

პინტუსთან ერთად რეალის მოთამაშეების ფიზიკური მომზადება ახალ დონეზე ავიდა. ახლა პინტუსი იტალიაშია - ანტონიო კონტეს ინტერში, თუმცა სამწვრთნელო სტილი იგივე რჩება. აქცენტი ბრძოლისუნარიანობაზე, სათამაშო დისციპლინასა და ორგანიზაციაზე, ტაქტიკური მრავალფეროვნება - ამის გარეშე ეს რეალი კატასტროფისთვის იყო განწირული.

ლიპი: ‘იტალია ყოველთვის ზიდანის გულში იქნება. მან აქ ბევრი რამ ისწავლა.’

ტაქტიკური მრავალფეროვნება

რეალში მისი პირველი მისვლისას ზიდანი ტაქტიკურ სქემას დიამეტრულად თითქმის არ ცვლიდა - ეს იყო ხოლმე 4-3-3 ან 4-4-2. გააჩნია, თუ ბეილი (ვასკესი, ასენსიო) თამაშობდა, აქცენტი უფრო მეტად ფლანგებზე კეთდებოდა, თუ ისკო იყო ძირითადში - მაშინ, უფრო მეტად ბურთის დაჭერასა და მოედნის ცენტრიდან შეტევაზე. კაზემირო-კროოსი-მოდრიჩის სამეული მოედნის ცენტრში და ბენზემა-კრიშტიანოს დუეტი წინ შეუცვლელი იყო.

ამ სეზონში ზიზუ ტაქტიკურად ბევრად უფრო მრავალფეროვანია და შეზღუდული რესურსების ფონზე, თითოეულ მეტოქეს არგებს სათამაშო სქემას და შემადგენლობას. ეს კიდევ ერთი იტალიური უნარია.

რეალი ხან სამი მცველით თამაშობს, ხან - ოთხით. ხან 4-3-3-ია, 4-4-2, ხან 4-5-1 - სქემა და მოთამაშეები მუდამ იცვლებიან. შორს რომ არ წავიდეთ - შაბათის ‘კლასიკო’ გავიხსენოთ: ძირითადში ფედე ვალვერდე გამოჩნდა, რადგან ბარსას მარცხენა ფლანგი თავისი ალბათი ძალიან სახიფათოა. ვალვერდე მარჯვენა ფლანგზე დადგა და დაცვაში რეალი ერთდროულად ხაზზე ხუთი კაცით განლაგდა, სადაც მარჯვენა ფლანგს ერთდროულად ორი მოთამაშე აქცევდა ყურადღებას. შეტევაში ვალვერდეს ჩართვები კი ალბას ბევრ პრობლემას უქმნიდა და თავის მხრივ, თამაშის გამწვავების საშუალებას არ აძლევდა. ასე გავიდა პირველი გოლი - ვალვერდემ ალბას ზონა გამოიყენა.


ასევე მოხდა ლივერპულთან 1 კვირის წინ, საშინაო შეხვედრის დროსაც. ზიზუმ შეტევა გრძელი პასებით ლივერპულის განაპირა მცველების მიერ გათავისუფლებულ ზონებში დაგეგმა. რობერტსონს და ალექსანდერ-არნოლდს შეტევაში წასვლა უყვართ და ზონებს ტოვებენ. სამაგიეროდ, ლივერპულის პრესინგი მეტოქეებს ამ ზონებამდე მისვლის საშუალებას არ აძლევს. ზიდანმა კლოპი ჭკუაში მოატყუა - ტონი კროოსის გრძელი გადაცემები ლივერპულის პრესინგს უსაქმოდ ტოვებდა და ასენსიო და ვინისიუსი თავისუფალ ზონებში ბურთს იოლად იღებდნენ. ასე გავიდა რეალის პირველი ორი გოლი.


მარკოს ასენსიო: "ვიცოდით, რომ მათი განაპირა მცველების უკან სივრცეებისთვის უნდა შეგვეტია. ეს კარგად გამოვიდა."

ან, მაგალითად კაზემიროს ფუნქციის ცვლილება. ამ სეზონში კაზემირო 6 გატანილი გოლით ბენზემას შემდეგ საუკეთესოა (ამდენივე აქვთ გატანილი ასენსიოს და ვინისიუსს). ეს შემთხვევით არ მომხდარა. ზიდანმა კაზემიროს როლი ნაწილობრივ შეცვალა. ბრაზილიელი ყოველთვის მცველების წინ იყო ხოლმე განლაგებული და შეტევაში ნაკლებად მიდიოდა. იმ ფონზე, როდესაც თითქმის ყველა გუნდი, თუნდაც აუტსაიდერები, პრესინგის თამაშს კარგად ახერხებენ, ზიზუმ არცთუ იდეალური პირველი პასის მქონე კაზემირო ცოტა წინ აწია - კროოსის და მოდრიჩის წინ. ანუ, როცა მეტოქის პრესინგი რეალს საფრთხეს უქმნის - კროოსი და მოდრიჩი მცველებთან ჩამოდიან და შეტევას იწყებენ, სამაგიეროდ კაზემირო მაღლა ადის და აქვს თავისუფლება, რომ მეტოქის საჯარიმოს შეუტიოს. ათლეტურ და დინამიურ ბრაზილიელს ეს კარგად გამოსდის.

ტაქტიკური მრავალფეროვნების ზრდის ფონზე, სულ უფრო მცირდება გუნდის დამოკიდებულება კონკრეტულ მოთამაშეებზე. წლების მანძილზე, სერხიო რამოსის გარეშე რეალის დაცვა საცოდავად გამოიყურებოდა. წელს რამოსს ტრავმების გამო ბევრი გაუცდა, რეალის დაცვა კი მის გარეშეც მოწოდების სიმაღლეზეა. მეტიც: რეალმა ლივერპული და ბარსელონა ისე დაამარცხა, რომ რამოსთან ერთად, არც ვარანი ჰყავდა და ცენტრში ნაჩო-მილიტაოს დუეტი ეყენა, თუმცა ამ სამ თამაშში მხოლოდ ორი გოლი გაუშვა.

ეს უკვე მხოლოდ ზიდანის გუნდია - უფრო მწვრთნელზე დამოკიდებული, ვიდრე რომელიმე ფეხბურთელზე.

ვინისიუსი და ფლორენტინო

‘ძმა, იმას პასი აღარ მისცე. ხომ ხედავ, რასაც უნდა, იმას აკეთებს, ჩვენს წინააღმდეგ თამაშობს’ - ასე მიმართა ქარიმ ბენზემამ მიონხენგლადბახის ბორუსიასთან მატჩის შესვენებაზე მენდის. პასი მენდის ვინისიუსისთვის არ უნდა მიეცა. ეს მატჩი კარგად მახსოვს, ვუყურებდი და ვინისიუსი მართლა ამაზრზენი იყო. რეალი გავარდნის პირას იყო. მეორე ტაიმის საწყის 25 წუთში, იქამდე, სანამ ბრაზილიელს შეცვლიდნენ, ბენზემას მისი მისამართით არცერთი გადაცემა არ შეუსრულებია.

ეს რატომ გავიხსენე?! ვინისიუსის ფაქტორი ძალიან სენსიტიურია რეალისთვის. ფლორენტინომ ბრაზილიელში 60 მილიონი გადაიხადა და აზარის ჩავარდნილი ტრანსფერის ფონზე, პერესისთვის ვინისიუსის წარმატება-წარუმატებლობა ღირსების და პირადი პრესტიჟის საკითხია. ასე იყო ბეილის შემთხვევაშიც.

ზიდანს ვინისიუსთან ბევრი მუშაობა უწევს

პერესი ნებისმიერ მწვრთნელს თავის აზრს თავზე მოახვევდა, თუმცა ზიდანთან ეს არ გამოსდის. ზიზუ ვინისიუსს (და ნებისმიერ სხვას) მაშინ ათამაშებს, როცა თავად მიაჩნია ეს სწორად. ის იმდენად დიდი სახელი და ავტორიტეტია, რომ თუნდაც ფლორენტინოს ფაქტორი არ ადარდებს. მაგალითად, ატალანტასთან რეალს სულ 11 ძირითადის ფეხბურთელი ჰყავდა, თუმცა ვინისიუსი 10-კაციანი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ მაინც შეცვალა. ან შარშან სიტისთან - უთამაშებელი აზარი დააყენა და ბრაზილიელი სკამზე დატოვა, რაც მას ძალიან ეწყინა.

ვინისიუსის უთამაშებლობის გამო ზიდანს პერესთან დაახლოებული გამოცემები ხშირად აკრიტიკებენ.

ტომას რონკერო, AS-ის ჟურნალისტი: ‘უცნაურია, რომ ვინისიუსს უფრო მეტი მხარდაჭერა აქვს მადრიდში, ვიდრე ზიდანს.’

თუმცა, ამის მიუხედავად, სწორედ ზიდანის ხელში ახერხებს ნიჭიერი, მაგრამ პრობლემური ბრაზილიელი პროგრესს. ზიდანი მასთან ბევრს მუშაობს, აძლევს სათამაშო დროს, სწორ როტაციაში ახვედრებს და ვინისიუსიც უფრო დამაჯერებელი ხდება. ბოლო თამაშებში ის მართლა ძალიან კარგი იყო. ზიდანი უფრო ვეტერანებს ენდობა, თუმცა ეტაპობრივად ახალგაზრდებათან მუშაობა და მათი პროგრესიც გამოსდის. ის ამ კუთხითაც კარგად მუშაობს.

დასკვნა

არავინ იცის, მოახერხებს თუ არა ამ სეზონში რეალის რამის მოგებას. სრულიად შესაძლებელია, რომ მადრიდული გრანდი საერთოდაც უტიტულოდ დარჩეს, თუმცა ზიდანის მიერ გაწეულ სამუშაოს ეს ვერაფრით დააკნინებს. მადრიდში დაბრუნების შემდეგ, ზიზუ კიდევ უფრო განვითარდა და კიდევ უფრო მრავალფეროვანი მწვრთნელია: რეალის ავტორიტეტს, კლასსა და დახვეწილობასთან ერთად ის იტალიურ ტაქტიკურ განსწავლულობასაც აჩვენებს. ბოლო ორ სეზონში ეს ყველაზე შთამბეჭდავი სამწვრთნელო ‘პერფორმანსია. ის რეალის მთავარი ვარსკვლავია.

კომენტარები

ბოლო ამბები