Thumbnail
  • ბოლო ფინალისტის ვინაობა ნოემბერში პლეი ოფში გაირკვევა
  • საქართველოს ნაკრები ფინალურ ეტაპზე პირველად ითამაშებს

ფუტსალში ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩები გაიმართა, რის შემდეგაც ფინალური რაუნდის 15 მონაწილის ვინაობა გაირკვა, კიდევ ერთი ფინალისტი კი პლეი ოფის შემდეგ გამოვლინდება. შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალში პირველად ითამაშებს საქართველოს ფუტსალის ნაკრები, რომელმაც მე-2 შესარჩევ ჯგუფში 6-დან 3 მატჩი მოიგო, 1 ფრედ დაასრულა, 2-ში კი დამარცხდა და რუსეთის კვალად მე-2 პოზიცია დაიკავა.

საბოლოო ჯამში, ავთანდილ ასათიანის გუნდმა 10 ქულა მოაგროვა, რაც საუკეთესო მეორეადგილოსნებში გასასვლელად სრულიად საკმარისი აღმოჩნდა. შეჯიბრის რეგლამენტის თანახმად, ფინალურ ეტაპზე 8 ჯგუფის გამარჯვებული და 6 საუკეთესო მეორეადგილოსანი ავტომატურად გადიოდა, კიდევ ერთი ადგილის ბედს კი ორი უარესი მეორეადგილოსნის ორრაუნდიანი დაპირისპირება გადაწყვეტს. საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულების შემდეგ, მიზანს შემდეგმა გუნდემა მიაღწიეს:

ხორვატია, უკრაინა (1-ლი ჯგუფი), რუსეთი, საქართველო (მე-2 ჯგუფი), აზერბაიჯანი, სლოვაკეთი (მე-3 ჯგუფი), ბოსნია-ჰერცეგოვინა (მე-4 ჯგუფი), ყაზახეთი (მე-5 ჯგუფი), ესპანეთი, სლოვენია (მე-6 ჯგუფი), იტალია, ფინეთი (მე-7 ჯგუფი), პორტუგალია, პოლონეთი (მე-8 ჯგუფი). კიდევ ერთი ფინალისტის ვინაობას ბელარუსისა და სერბეთის ორრაუნდიანი დაპირისპირება გაარკვევს, რომელიც ნოემბერში შედგება.

ავთანდილ ასათიანის გუნდი ფინალურ ეტაპზე პირველად ითამაშებს

აღნიშნულ 15 ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ნიდერლანდები დაემატება, რომელიც ფინალურ ეტაპს 2022 წლის 9 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით, ამსტერდამსა და გრონინგენში უმასპინძლებს. 16 ფინალისტი 4 ჯგუფში გადანაწილდება, 2-2 საუკეთესო კი ბრძოლას მეოთხედფინალიდან განაგრძობს. ფინალური რაუნდის წილისყრა წლის ბოლოს, პლეი ოფის დასრულების შემდეგაა დანიშნული.

საინტერესოა, რომ უმთავრეს ევროპულ ფორუმზე საქართველოს გარდა დებიუტი ექნებათ ბოსნია-ჰერცეგოვინას, ფინეთსა და სლოვაკეთს, რეკორდსმენები კი რუსეთი, ესპანეთი და იტალია არიან, რომელთაც ფინალურ ეტაპზე უკვე 11-ჯერ უთამაშიათ. ყველაზე წარმატებული უდავოდ ესპანეთია, რომელსაც ოქროს მედლები 7-ჯერ აქვს მოპოვებული, იტალია ჩემპიონი 2-ჯერ ყოფილა, რუსეთი და პორტუგალია კი – თითოჯერ.

კომენტარები

ბოლო ამბები