Thumbnail
  • ჰიუსტონი 124:132 ინდიანა
  • ქართველმა ცენტრმა 4 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება მიითვალა

21 წლის გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსმა NBA-ში ბოლო 5 მატჩიდან მე-4 მოიგო და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზე მყოფ შარლოტ ჰორნეთსს ერთ გამარჯვებამდე დაუახლოვდა, ქართველ ცენტრს კი ისევ მცირე სათამაშო დრო მიეცა.

ინდიანელები ჰიუსტონში როკეტსს სტუმრობდნენ და უხვქულიან შეხვედრაში 132:124 სძლიეს. გადამწყვეტი პირველი ნახევარი გამოდგა, რომელიც პეისერსმა 20-ქულიანი უპირატესობით მოიგო და მართალია, დარჩენილ დროში ჰიუსტონელებმა ჩამორჩენის შემცირება მოახერხეს, თამაშის გადასარჩენად დრო აღარ ეყოთ.

გოგა ბითაძემ თამაშიდან 1 ზუსტი ტყორცნა განახორციელა

საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ცენტრი თამაშში ტრადიციულად სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 11 წუთში 4 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ბითაძემ 2-დან 1 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო. 

საინტერესოა, რომ გოგას მოედანზე ყოფნის პერიოდში პეისერსმა როკეტსზე 13 ქულით მეტი ჩააგდო და ეს, ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. ისიც უნდა ვთქვათ, რომ სასტარტო ხუთეულის წევრთაგან დადებითი +/- მაჩვენებელი მხოლოდ მალკოლმ ბროგდონს ჰქონდა, რომელსაც სამმაგ დუბლამდე სულ ცოტა დააკლა – 23 ქულა, 14 მოხსნა, 9 პასი.

ისევ არ უთამაშია ინდიანელთა ძირითად ცენტრ მაილს ტერნერს, რომელსაც მარცხენა კოჭის ტრავმა აწუხებს. მის არყოფნაში ფარქვეშ მთავარი როლი კვლავაც ლიეტუველ მძიმე ფორვარდ დომანტას საბონისს ჰქონდა, რომელმაც 37 წუთში 22 ქულა, 10 მოხსნა და 7 პასი მიითვალა. ტრადიციულად შედეგიანი იყო კარის ლევერტი (27 ქულა), ჯერემი ლემბმა კი სათადარიგოთა სკამიდან გუნდს 18 ქულა შესძინა და აქვე ვთქვათ, რომ სტუმართა სათადარიგოებმა მასპინძლებისას 48:13 აჯობეს.

თავი არ შეურცხვენიათ ჰიუსტონელთა ლიდერებსაც. ჯონ ვოლმა 31 ქულას 9 პასი წაამატა, ორმაგ დუბლებზე გავიდნენ კრისტიან ვუდი (25 ქულა, 13 მოხსნა) და კელი ოლინიკი (25 ქულა, 10 მოხსნა), კევინ პორტერმა კი თავი 19 ქულას მოუყარა. აღსანიშნავია, რომ როკეტსმა ბოლო 4, უკანასკნელი 10-დან კი მე-9 თამაში წააგო და დასავლეთ კონფერენციის აუტსაიდერთა რიგებში რჩება.

თავის მხრივ, პეისერსმა 26 მოგება და 28 მარცხი მოაგროვა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე იმყოფება. ახლა, ბითაძის კლუბს 2 ადრეული საგარეო მატჩი ელის. 16 აპრილს თბილისის დროით 23:00 საათიდან ინდიანა იუტა ჯაზს ეთამაშება, ხოლო 18-ში, 21:00 საათზე ატლანტა ჰოუქსისა და პეისერსის დაპირისპირებაა დანიშნული.

კომენტარები

ბოლო ამბები