Thumbnail

ორწლიანი პაუზის შემდეგ, მადრიდის რეალი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია. ზინედინ ზიდანის გუნდს ლივერპულთან შინ მოპოვებული უპირატესობის (3:1) შენარჩუნება, სტუმრად გამართულ საპასუხო დაპირისპირებაში არ გასჭირვებია - 0:0. 

უმაყურებლო "ენფილდზე" მასპინძლებმა მეტოქეს სწრაფი გოლის იმედად თამამად შეუტიეს და ტიბო კურტუას კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი დასაწყისშივე შექმნეს - ჯერ მოჰამედ სალაჰმა, შემდეგ ჯეიმს მილნერმა. 

"მერსისაიდელებს" სწრაფი გოლის გატანა არ გამოუვიდათ, მეორე ნომრად და ფრთხილად მოთამაშე რეალმა კი თავისი შანსი მე-20 წუთისთვის მიიღო. ქარიმ ბენზემას კარგ ინდივიდუალურ მოქმედებას ანგარიშის გახსნა ნამდვილად მოჰყვებოდა, ფრანგის დარტყმის შემდეგ ალისონის კარი ძელს რომ არ გადაერჩინა.

ტაიმის მიწურულს ლივერპულს კიდევ ორი ძალიან კარგი მომენტი ჰქონდა. ჯერ მოჰამედ სალაჰის სახიფათო დარტყმული გადასცდა რეალის კარის ჩარჩოს, ორიოდე წუთის შემდეგ კი ჟორჟინიო ვეინალდუმს დააკლდა სანტიმეტრები. 

ტიბო კურტუამ ჩემპიონთა ლიგაზე 50-ე მატჩი ჩაატარა

ლივერპულმა პირველის მსგავსად, მეორე ტაიმიც მწვავე იერიშებით დაიწყო და ტიბო კურტუამ ფირმინოს რამდენიმე მეტრიდან არ გაატანინა. მოგვიანებით ბრაზილიელ თავდამსხმელს არც შორი დისტანციიდან გამოუვიდა დარტყმა შედეგის მომტანი, იურგენ კლოპმა კი მე-60-ე წუთიდან თამაშში ტიაგო ალკანტარა და დიოგო ჟოტა ჩართო.  

"მერსისაიდელები" ბევრს უტევდნენ, მომენტებსაც ქმნიდნენ, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავდნენ. სულ უსაქმოდ არც ალისონი იყო. მასპინძელთა მეკარემ ჯერ პირისპირ გასულ ვინისიუს ჟუნიორს, შემდეგ კი დამატებაზე ქარიმ ბენზემას არ გაატანინა. 

გატანის შანსი ვერც მოჰამედ სალაჰმა გამოიყენა

კლოპის გუნდმა მატჩის ბოლო წუთები მადრიდელთა საჯარიმოს სიახლოვეს გაატარა, მაგრამ რეალის დაცვას გასაღები ვერაფრით მოუძებნა. "სამეფო კლუბმა" მიზანს ზედმეტი დაძაბვის გარეშე, დამსახურებულად მიაღწია. 

მადრიდის რეალი ნახევარფინალში ლონდონის ჩელსის დაუპირისპირდება. მატჩები 27 აპრილსა და 4 მაისს გაიმართება.

📺 ლივერპული V რეალი [მიმოხილვა]

ლივერპული 0:0 რეალი

ლივერპული (4-3-3): ალისონი - ალექსანდერ-არნოლდი, ფილიპსი, კაბაკი (60' ჟოტა), რობერტსონი - ვეინალდუმი, ფაბინიო, მილნერი (60' ალკანტარა) - სალაჰი, ფირმინო (82' შაჩირი), მანე (82' ოქსლეიდ-ჩემბერლენი).
რეალი (4-3-3): კურტუა - ვალვერდე, მილიტაო, ნაჩო, მენდი - მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი (72' ოდრიოსოლა) - ასენსიო (82' ისკო), ბენზემა, ვინისიუსი (72' როდრიგო). 

კომენტარები

ბოლო ამბები