Thumbnail
  • ანორთოსისი 1:0 აპოელ
  • თემურ ქეცბაიას და გიორგი ლორიას კომენტარები

თემურ ქეცბაიას ანორთოსისს ევროთასებზე მოხვედრის ერთადერთი შანსი კვიპროსის თასიდან აქვს. ამიტომაც აპოელ-თან პირველ ნახევარფინალურ დაპირისპირებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ქართველთა გუნდმა 1:0 მოიგო, მიუხედავად იმისა, რომ 53-ე წუთზე მსაჯმა ბუბა დაუშვილი გააძევა, მატჩის გმირი კი გიორგი ლორია იყო. 

გიორგი ლორია მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო

ქეცბაიამ ოთხივე ქართველი ლეგიონერი სასტარტო შემადგენლობაში დააყენა, დაუშვილმა გუნდი მე-2 ტაიმის დასაწყისში დააღალატა, როცა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო; მალევე ქეცბაიამ გიორგი ქვილითაია გამოცვალა, 76-ე წუთზე მოედანი თორნიკე ოქრიაშვილმაც დატოვა. ლორიას ანგარიშზე 4 "სეივია". 

ბუბა დაუშვილი კარიერაში მეოთხედ გააძევეს

მე-19 წუთზე ოქრიაშვილი-კორეია-კალცასის კომბინაცია ბერძენმა ნახევარმცველმა თავით დააგვირგვინა - 1:0. დაუშვილის გაძევების შემდეგ კი აპოელ-ის უპირატესობა აშკარა იყო, მაგრამ ლორიამ საიმედოდ ითამაშა. 21 აპრილს საპასუხო მატჩია, მანამდე კი 17-ში ანორთოსისი ჩემპიონატში ომონიას მასპინძლობს. მეორე ნახევარფინალურ წყვილს აელ-ი და ოლიმპიაკოსი წარმოადგენენ. 

📺 ანორთოსისი v აპოელ [მიმოხილვა]

გიორგი ლორია (ანორთოსისი): "ჯერ მხოლოდ საქმის ნახევარი გავაკეთეთ, საპასუხო მატჩი სტუმრად გვაქვს და ის უფრო მძიმე იქნება. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ყველაფერი დასრულდა. პროფესიონალები ვართ და შრომას ვაგრძელებთ, ეს ჩვენი საქმეა. გამარჯვება ენერგიას გვაძლევს სამომავლოდ. ძალიან მძიმე მატჩი გამოდგა, რადგან 10 კაცით დავრჩით, მაგრამ გუნდი ამ ამოცანას გაუმკლავდა. კარი მშრალად შევინახეთ და ვფიქრობ, ფანებიც გავახარეთ".

ქეცბაიასთვის სათასო წარმატებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს

თემურ ქეცბაია (ანორთოსისის მწვრთნელი): "ფედერაციამ სათასო მატჩები ცუდად დაგეგმა. ვფიქრობ, საპასუხო მატჩში 2 კვირაში უნდა ყოფილიყო. თავისუფლად შეიძლებოდა ამ თამაშის დაგეგმა ოლიმპიაკოსთან მატჩის შემდეგ, არ მესმის.
ყველაზე მთავარი ის არის, რომ ფეხბურთელებმა ირბინეს, იბრძოლეს ბოლომდე და მოიგეს. ახლა მხოლოდ ომონიასთან მატჩზე ვიფიქრებთ. უბრალოდ კარგი შედეგი გვაქვს, არ მგონია, რომ წყვილში ფავორიტები გავხდით. ფავორიტი აპოელ-ია. 100-200 კაცი მაინც რომ დაუშვან თითოეული გუნდის ფანები, უკეთესი ატმოსფერო იქნებოდა თამაშებზე". 

კომენტარები

ბოლო ამბები