Thumbnail

მოსკოვის ცსკა-ს ქართველმა კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ მცირე ტრავმა მოიშუშა და მოედანს ევროლიგის დღევანდელ მატჩში დაუბრუნდება. რუსული გრანდის პრეს-სამსახურის ცნობით, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა უკვე სრული დატვირთვით ივარჯიშა და მთავარი მწვრთნელის – დიმიტრის იტუდისის განკარგულებაში იქნება.

ათენელებთან პირველ მატჩში შენგელიამ 6 ქულა ჩააგდო

შეგახსენებთ, რომ შენგელიამ თვალის დაზიანება ვილერბანთან მატჩამდე გამართული წვრთნისას მიიღო (თანაგუნდელის ხელი მოხვდა) და ფრანგულ კლუბთან მატჩის გარდა, VTB ლიგაში ყაზახურ ასტანასთან შეხვედრაც გამოტოვა. ამგვარად, თორნიკე ბერძნულ პანათინაიკოსთან დღევანდელ თამაშს კარგად დასვენებული ხვდება.

შეგახსენებთ, რომ ათენელებთან მატჩს, რომელიც თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება, სატურნირო თვალსაზრისით არანაირი მნიშვნელობა აღარ გააჩნია. რუსულ გრანდს 23 მოგება და 10 მარცხი აქვს და მე-2 ადგილი გატანტირებული აქვს, პანათინაიკოსი კი მე-16 პოზიციას ვერ ასცდება. ცნობილია ისიც, რომ შენგელიას გუნდი პლეი ოფში, რომელიც სტარტს 21 აპრილიდან აიღებს, სტამბულის ფენერბაჰჩეს დაუპირისპირდება.

29 წლის შენგელია მოსკოვის ცსკა-ს მიმდინარე სეზონის წინ შეუერთდა და გუნდის ერთ-ერთ წამყვან კალათბურთელად ითვლება. ევროლიგის მიმდინარე სეზონში მისი საშუალო მაჩვენებლები ასე გამოიყურება: 31 მატჩი (29 სასტარტოში), 24:34 წუთი, 11.4 ქულა, 4.8 მოხსნა, 2.2 პასი, სარგებლიანობის კოეფიციენტი 12.3. პანათინაიკოსთან პირველ მატჩში, რომელიც ათენში გასული წლის 6 ნოემბერს შედგა, თოკომ 15:48 წუთში 6 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები