Thumbnail

საქართველოს დრიფტის სერიების პირველი ეტაპი ნოდო კოდუამ მოიგო

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • პრო კლასის ფინალში ნოდო კოდუას მეტოქე ვანო ხურციძე იყო
  • პრო 2 კლასის გამარჯვებული სიმონ გუნცაძე გახდა

რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე საქართველოს დრიფტის სერიები 2021-ის პირველი ეტაპი გაიმართა. ღონისძიებაში PRO და PRO2 ავტომრბოლელების უპრეცედენტო რაოდენობა - 52 დრიფტერი მონაწილეობდა.

შეჯიბრის მიმდინარეობისას ამინდი რამდენჯერმე შეიცვალა და ამ ფაქტორმა ღონისძიებას მეტი დაძაბულობა, ინტერესი და სირთულე შესძინა, რადგან 32 არალიცენზირებული დრიფტერი პროფესიონალებს შორის ადგილის დასაკავებლად, ხოლო 20 ლიცენზირებული დრიფტერი კი ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის იბრძოდა.

პრო 2 კლასში პირველი ადგილი სიმონ გუნცაძემ დაიკავა, მეორე ნიკა კაკიაშვილი იყო, მესამე პოზიციაზე კი ჯაბა სოროზანიშვილი გავიდა.

გაცილებით დაძაბული და სანახაობრივი ბრძოლა იყო პროფესიონალთა შორის. ფავორიტები, ნოდო კოდუა და ვახო ხურციძე ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდნენ, სადაც კოდუამ გაიმარჯვა და პირველი ადგილი დაიკავა. მესამე ადგილზე პრო კლასში დავით ნუცუბიძე გავიდა.

პირველ ეტაპს ბევრი მაყურებელი ჰყავდა
📸 | სოსო გახოკიას ფოტოები

აღსანიშნავია, რომ სარბოლო ტრასების მიმდებარედ მოეწყო ექსკლუზიური ავტომობილების გამოფენა - მაყურებლებს მათი ახლოს  ნახვის და ფოტოების გადაღების შესაძლებლობა ჰქონდათ.

საქართველოს დრიფტის სერიები BMW CLUB GEORGIA-ს ორგანიზებით და საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის მხარდაჭერით იმართება. ღონისძიების მიზანია, აღკვეთოს ქუჩის სახიფათო რბოლები.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 4-5 სექტემბერს დრიფტში ევროპის ჩემპიონატის ფინალი თბილისში, ბარათაშვილის ხიდზე გაიმართება, რომელშიც საქართველოს სახელით, კოდუასთან და მევულდ მელაძეთან ერთად, პირველი და მეორე ეტაპის 2 გამარჯვებული დრიფტერი მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარები

ბოლო ამბები