Thumbnail
  • ბაიერნთან ნეიმარმა აჩვენა, რაოდენ შეუდარებლად შეუძლია ფეხბურთის თამაში
  • მას მოედანზე სრული თავისუფლება სჭირდება და პოჩეტინოსგან ეს მიიღო

მატჩის შემდეგ ისევ მის მომავალზე (“თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლშიო”, თქვა) და მის პროვოკაციულ ზეიმზე (იოზუა კიმიხის თვალწინ) ლაპარაკობდნენ, რაც სამწუხაროა, რადგან ეს ის შემთხვევა იყო, როცა ყველას, აბსოლუტურად ყველას, მთავარზე უნდა ელაპარაკა - მის ფეხბურთზე! რადგან ნეიმარმა ბაიერნთან უნიკალურად, შეუდარებლად ითამაშა.

დიდი ხანია, ბრაზილიელს ასეთი ბრწყინვალე მატჩი აღარ ჰქონია. როგორ გაუშვა კინგსლი კომანი სიცარიელეში, სანამ ბურთს ძელს მოარტყამდა; როგორ აიძულა ლუკა ერნანდესი მოულოდნელი ფინტით, სახიფათოდ ემოქმედა საჯარიმოში; როგორ გააცურა თომას მიულერი და იოზუა კიმიხი მოედნის ცენრში; როგორ ჩერდებოდა ხანდახან ბურთით მარტივად, იმისათვის, რომ მერე უცებ აჩქარებულიყო… ვინღა თამაშობს დღეს პროფესიონალურ ფეხბურთში ასე? ვის შეუძლია და ვიღას აქვს ასეთების უფლება?

ფეხბურთი გუნდური სპორტია და ეს ნებისმიერმა იცის. იცის ნეიმარმაც, რომელსაც ბაიერნთან ყველა სხვა დანარჩენზე მეტი ორთაბრძოლა ჰქონდა და რომელიც მთელ მოედანზე შრომობდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასასვლელად. მაგრამ ხანდახან სხვანაირად უბრალოდ არ შეუძლია - რა საჭიროა შეტევის მაქსიმუმ 15 წამში დასრულება, როცა ამავე დროში შეგიძლია, ორი მოწინააღმდეგე შეარცხვინო?

ნეიმარის თამაშში არის რაღაც აბსურდული და სარისკოც, რა თქმა უნდა. რაც უნდა იყოს, ის ბევრ შემთხვევაში რისკავდა ძალიან სახიფათო კონტრშეტევის დაშვებას და იმასაც, რომ მისთვის ისევ ტრავმა მიეყენებინათ, რადგან მცველებს ასეთები არცთუ იშვიათად ყელში ამოსდით ხოლმე და აგრესიულები ხდებიან.

არტისტ ნეიმარს არაერთხელ გადაუტანია მომენტები, როცა თამაშის შემდეგ ტაშს კი არ უკრავდნენ, არამედ აკრიტიკებდნენ თავისი თეატრალურობის გამო, რაშიც უმეტესად თვითონვე იყო დამნაშავე. მაგრამ ბაიერნთან მისი მოწინააღმდეგეები უფრო ხშირად ეცემოდნენ მინდორზე, ვიდრე თვითონ.

პარი სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ მას მატჩის შემდეგ “გენია” უწოდა - მიუხედავად იმისა, რომ პარიზელებმა ეს თამაში 0:1 წააგეს.

შესაძლოა, ნეიმარი ზედმეტად ხშირად “ეცემოდეს და ყვიროდეს” (როგორც თომას მიულერს უყვარს თქმა), მაგრამ ის კარგი მატჩი და მაგარი ფეხბურთი, რომელიც სამშაბათს ვნახეთ, პირველ რიგში ნეიმარის დამსახურებაა - არ არის აუცილებელი, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ისეთი ფეხბურთი ვნახოთ ხოლმე, როგორიც ჩელსიმ და პორტუმ ითამაშეს. კარგია, როცა ხანდახან მაინც ვხედავთ ისეთს, ბრაზილიის ნებისმიერ სამოყვარულო მოედანზე რომ თამაშობენ...

რას წერენ წამყვანი გამოცემები ნეიმარის თამაშზე

Le Figaro (საფრანგეთი): "ბაიერნთან პარიზელთა წარმატების მთავარი არქიტექტორი ნეიმარი იყო. რაც ყველაზე საინტერესოა, მატჩის შემდეგ მან ბრაზილიურ TNT Sports-ს უთხრა, რომ პარიზში თავს ისე კარგად გრძნობს, როგორც არასდროს და იმედი აქვს, რომ 2022 წლამდე გაფორმებულ კონტრაქტს მალე გაახანგრძლივებს."

Marca (ესპანეთი): "პსჟ-მ და ბაიერნმა ფეხბურთის მონუმენტი გვაჩუქეს, რომლის ადგილი ლუვრშია. ნოიერი და ბაიერნის კარის ძელი რომ არა, ბაიერნი ნეიმარს ვერ გადაურჩებოდა. ბაიერნმა თავგანწირვით ითამაშა, მოიგო და მაინც გავარდა. პსჟ-მ ლისაბონის ფინალისთვის შური იძია."

AS (ესპანეთი): "ნეიმარმა თავისი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარა. ისეთი დუელი გამოვიდა, ფეხბურთის ისტორიაში რომ შევა. ეს იყო ნეიმარის შოუ."

El Mundo Deportivo (ესპანეთი): "პარიზელთა ტკბილი მარცხი, ჩემპიონი გავარდა! ნეიმარმა ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა!"

Tuttosport (იტალია): "მბაპეს და ნეიმარის ოქროს დუეტმა ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის შური იძია. ბაიერნმა ბოლომდე მაგრად იბრძოლა, მაგრამ მათი ბედი უკვე დაწერილი იყო. შესაძლოა, ეს ფლიკის ბოლო მატჩი იყო ბაიერნის მწვრთნელის რანგში."

Il Messaggero (იტალია): "პარიზმა ნეიმარს და მბაპეს უნდა დაუჩოქოს. ეს თამაში ისტორიას წინასწარი ფინალის მეტსახელით შემორჩება."

კომენტარები

ბოლო ამბები