Thumbnail

'სასაცილოა ის, რაც ჩემს ნათქვამს მოჰყვა' - კლოპმა ბოდიში მოიხადა

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი

დღეს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში ლივერპული შინ მადრიდის რეალს დაუხვდება. პირველი შეხვედრა "მერსისაიდელებმა" 1:3 დათმეს და ახლა შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ძალიან რთულ დაპირისპირებაში სასურველი შედეგის დაფიქირება მოუწევთ.

პირველი შეხვედრა მადრიდში ალფრედო დი სტეფანოს სახელობის სტადიონზე გაიმართა, რომელიც "სამეფო გუნდის" სათადარიგო არენაა. ამის მიზეზი "სანტიაგო ბერნაბეუზე" მიმდინარე რეკონსტრუქციაა. 

სტადიონით უკმაყოფილო იყო ლივერპულის მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი. გერმანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა სავარჯიშო მოედანზე ითამაშა, ხოლო "ენფილდი" ასეთი დონის მატჩის ჩასატარებლად შესაფერისი სტადიონია.

კლოპის ამ განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მას ბრალი მეტოქე გუნდის უპატივცემულობაში დასდეს. გერმანელმა აღნიშნულ გამოხმაურებაზე ცალკე კომენტარი გააკეთა, სადაც ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ მისი განზრახვა ვინმეს დაცინვა არ ყოფილა და სასაცილოა, როდესაც მისი განცხადების გამო ამხელა ამბავი ატყდა.

"არ მინდოდა უპატივცემულობის გამოხატვა. თუ ისინი მიიჩნევენ, რომ ეს არის სტადიონი, რომელზეც უნდა ითამაშონ, ეს ჩემთვის სრულიად გასაგებია. მე ვიცი სიტუაცია. ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ის ამბავი, რაც ჩემს ნათქვამს მოჰყვა, სიმართლე გითხრათ, სასაცილოა. თუ ვინმე ფიქრობდა, რომ მე უპატივცემულობა გამოვხატე, მაშინ ბოდიშს ვიხდი. ეს ნამდვილად არ იყო ჩემი განზრახვა", - განაცხადა კლოპმა. 

კომენტარები

ბოლო ამბები