Thumbnail

ხვიჩა კვარაცხელიას ევროპულ კლუბში მოსალოდნელ ტრანსფერზე რუსული მედია გამუდმებით წერს, სპორტული გამოცემა "სპორტ ექსპრესის" ინფორმაციით კი, 20 წლის ქართველი ტალანტით დაინტერესებული კიდევ ერთი კლუბი ამსტერდამის აიაქსია.

გამოცემის ცნობით, საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის რუბინის ნახევარმცველის აგენტი მამუკა ჯუღელი უახლოეს მომავალში შეხვედრას ნიდერლანდური კლუბის სპორტულ დირექტორთან, მარკ ოვერმარსთან გამართავს. როგორც ირკვევა, ამსტერდამელები დაინტერესებულნი არიან ხვიჩას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გადაბირებით.

ხვიჩა კვარაცხელიას მომავალს კარგა ხანია, რაც მედია ცნობილ ევროპულ კლუბებს უკავშირებს. ქართველი ტალანტის მსურველთა შორის დასახელდნენ იტალიური იუვენტუსი, მილანი, ინტერი, ატალანტა და ნაპოლი, ასევე გერმანული ბაიერნი და დორტმუნდი. სულ ახლახან პორტალმა Transfermarkt.com-მა ხვიჩას საბაზრო ფასი 50%-ით გაზარდა და ამჟამად მას 15 მილიონ ევროდ აფასებს, რაც ქართველი ფეხბურთელისთვის რეკორდულად მაღალია.

ხვიჩამ საქართველოს ნაკრების ბოლო ორ მატჩში ზედიზედ გაიტანა

ამსტერდამის აიაქსი ნიდერლანდების ყველაზე ტიტულოვანი კლუბია - ქვეყნის ჩემპიონობა 34-ჯერ, ქვეყნის თასი 19-ჯერ, ხოლო სუპერთასი 9-ჯერ აქვს მოპოვებული. ამას გარდა, აიაქსს ჩემპიონთა თასი/ჩემპიონთა ლიგა 4-ჯერ, თითოჯერ კი უეფას თასი და თასების მფლობელთა თასი აქვს მოგებული.

ამსტერდამის აიაქსში საქართველოს ნაკრების ორ ფეხბურთელს უთამაშია - შოთა არველაძესა (1997-2001) და გიორგი ქინქლაძეს (1998-2000).  

შოთა არველაძე აიაქსში ნიდერლანდების ჩემპიონი და თასის (2-ჯერ) მფლობელი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის რუბინის ღირსებას 2019 წლიდან იცავს და კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ქართველმა ნახევარმცველმა რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 21 მატჩში ითამაშა, გაიტანა 4 გოლი და მიითვალა 8 საგოლე პასი. კვარაცხელიას ანგარიშზე საქართველოს ეროვნულ ნაკრების 8 მატჩში 3 გოლი და 2 საგოლე პასია.

კომენტარები

ბოლო ამბები