Thumbnail

100 დღე ოლიმპიადამდე - ტოკიოში დროის უკუათვლა დაიწყო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ოლიმპიური თამაშები 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე პერიოდში ჩატარდება
  • აღნიშნულთან დაკავშირებით, ტოკიოში სპეციალური ღონისძიებები გაიმართა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში დაგეგმილი ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ზუსტად 100 დღე რჩება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ქალაქის მერიის წინ, აღნიშნული დროის უკუათვლა დაიწყო და ოლიმპიადის თილისმების განთავსებაც მოხდა, მთა ტაკაოზე კი თამაშების სიმბოლო 5 რგოლი დამონტაჟდა.

“ოლიმპიური თამაშების სტარტამდე 100 დღეღა გვაშორებს. მადლობას ვუხდი ყველას, ვისი წყალობითაც ამ ნიშნულამდე მოსვლა მოვახერხეთ. ყველაფერ ამას კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვითა და ექიმების დიდი დახმარებით მივაღწიეთ. დარჩენილ დროშიც ყველაფერს ვიღონებთ, რათა ოლიმპიადა უმაღლეს დონეზე ჩატარდეს”, - განაცხადა ტოკიოს გუბერნატორმა იურიკო კოიკემ.

დამსწრეებს მიმართა ტოკიო 2020-ს საორგანიზაციო კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ტოსიაკო ენდომაც: “მოუთმენლად ველით 23 ივლისს, როდესაც თამაშები უნდა დაიწყოს. ჩვენი პრიორიტეტი უსაფრთხოების წესების დაცვაა. იმედი მაქვს, რომ ტოკიოში ჩამოსული სპორტსმენები უმაღლესი შედეგების დაფიქსირებას შესძლებენ”.

ოლიმპიადის თილისმები - 'მირაიტოვა' და 'სომეიტი'

ტოკიოს მერიის წინ დამონტაჟებული ოლიმპიადის თილისმების სიმაღლე 2.6 მეტრს აღწევს. პირველის სახელი "მირაოტოვა" გახლავთ, რაც 2 იაპონური სიტყვის შეერთებითაა მიღებული: “მირაი” (მომავალი) და “ტოვა” (მარადიული). მეორე მასკოტს "სომეიტი" ეწოდება, რომლითაც იაპონიაში სამეფო ალუბალს მოიხსენიებენ, ამას გარდა, კი სიტყვების თამაშია ინგლისურ ენასთან. იქ "so mighty" ესოდენ ძლიერს ნიშნავს.

შეგახსენებთ, რომ ტოკიოს ოლიმპიადა 2020 წლის 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე პერიოდში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, კორონავირუსის გამო გადაიდო და წლეულს 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე ჩატარდება. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ოლიმპიურ თამაშებს ვერ დაესწრებიან უცხოელი გულშემატკივრები, უკვე გაყიდული ბილეთების თანხა კი უკან დაბრუნდება. თუ რა პრინციპით დაიშვებიან ტრიბუნებზე იაპონელი ქომაგები, აპრილის ბოლოს გაირკვევა.

მოსალოდნელია, რომ მოახლოებულ ოლიმპიადაზე 10 ათასამდე სპორტსმენს ვიხილავთ, რომელთაც იაპონიაში ჩასვლის შემდეგ, სავალდებულო 2-კვირიანი კარანტინი არ შეეხებათ, თუმცა, კორონავირისზე ტესტის გავლა 4 დღეში მინიმუმ ერთხელ მოუწევთ. სულ, ოლიმპიადაზე სპორტის 33 სახეობაში 330 კომპლექტზე მეტი მედალი გათამაშდება, შეჯიბრის ბიუჯეტმა კი უკვე 15.9 მილიარდ დოლარს მიაღწია. წინა თვეში აიღო სტარტი ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტამ, რომელიც 121 დღეს გაგრძელდება, მასში 10 ათაამდე ადამიანია ჩართული და იაპონიის 47-ვე პრეფექტურის 859 მუნიციპალიტეტს მოიცავს.

კომენტარები

ბოლო ამბები